თუკი ადამიანებს ჰკითხავთ, რომელია უძველესი ცივილიზაცია, გარკვეული წარმოდგენა, ალბათ, ყველას ექნება, თუმცა, რეალურად, ეს არც თუ მარტივი საკითხია და კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ისტორიის ცოდნა, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს.

პასუხის გაცემას ართულებს თავად ცნება "ცივილიზაცია", რომელიც საკმაოდ ბუნდოვანი შეიძლება იყოს, რადგან ის წარმოშობს შემდეგ საკითხებს: საიდან ვიგებთ, როდის დაიწყო ან დამთავრდა ცივილიზაცია? გარდა ამისა, ბევრი ცივილიზაცია ასევე განიცდიდა უცხოელთა მმართველობის პერიოდებს, რაც ბადებს კითხვას — შეიძლება თუ არა, ასეთ შემთხვევაში, ცივილიზაცია ერთ, ხანგრძლივ ერთეულად ჩაითვალოს?

ანტიკური და არც თუ ანტიკური ჩინეთი

ადამიანების ნაწილს, შესაძლოა, უძველესი ცივილიზაციის ხსენებისას გონებაში ამოუტივტივდეს ჩინეთი, რასაც თავისი მიზეზები აქვს. ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ჩინურმა წერილობითმა ენამ ყველაზე დიდხანს გაძლო. შეფასებულია, რომ თავად ენა 6 000 წლის განმავლობაში გამოიყენება, ხოლო იეროგლიფები, რომლებიც კუს ბაკნებზეა გამოსახული, სულ მცირე, 3 000 წლისაა. არ არსებობს სხვა კულტურა, რომელიც ასეთი ძლიერი უწყვეტობით დაიკვეხნიდა.

თუმცა შეგვიძლია თუ არა, თანამედროვე ჩინეთი მის უძველეს წინამორბედს დავუკავშიროთ? თუ იგი უკვე მეტისმეტად განსხვავებულია იმისათვის, რომ ერთ, უწყვეტ ცივილიზაციად მივიჩნიოთ? თუკი პირველ კითხვას დადებითად ვუპასუხებთ, გამოდის, ჩინეთი 5 000 წლის ყოფილა. ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფაქტი სწორედ ეს არის.

მაგრამ ამას ყველა ისტორიკოსი არ ეთანხმება. ერთი მხრივ, ამ პრეტენზიას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღირებულება, რადგან ის ხელს უწყობს თანამედროვე ჩინეთის არსებული სტრუქტურის ლეგიტიმაციას. მეორეც, მთელი რეგიონი იმდენად ვრცელია და შედგება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისგან, რომ ძნელია მათ ერთნაირი კულტურისა და ტრადიციების მქონე ჰომოგენური ხალხი უწოდო.

ანტიკური ეგვიპტე

ყველაზე ხანგრძლივად არსებული ცივილიზაციის ტიტულის კიდევ ერთი გამორჩეული კანდიდატია ძველი ეგვიპტე.

ეგვიპტე წარმოადგენდა ანტიკური სამყაროს უზარმაზარ სამეფოს, რომელიც პირველად გაერთიანდა ძვ.წ. 3100 წელს და გაძლო ძვ.წ. 332 წლამდე, ვიდრე მაკედონელები დაიპყრობდნენ.

მიუხედავად ამ პოლიტიკური დაპყრობისა, ენა უცვლელი დარჩა და იეროგლიფები კვლავ გამოიყენებოდა ახ.წ. მე-5 საუკუნემდე, მათი პირველად შემუშავებიდან 3 500 წლის შემდეგ. მაშ, შეგვიძლია თუ არა ეს ცივილიზაციის უწყვეტობად მივიჩნიოთ?

ზოგიერთმა შეიძლება ყურადღება გაამახვილოს ძველ ეგვიპტურ რელიგიაზე, როგორც ხანგრძლივობის მაჩვენებელ ნიშანზე, მაგრამ არც ეს არ იყო სტატიკური კულტურული გამოხატულება. ის დროთა განმავლობაში შეიცვალა იმ ხალხთან ერთად, ვინც მის პრაქტიკას ეწეოდა, სანამ საბოლოოდ არ ჩანაცვლდა ქრისტიანობით ახ.წ. პირველ საუკუნეში.

მესოპოტამია

მესოპოტამია, სამხრეთ-დასავლეთ აზიის რეგიონი, რომელიც მდინარეების, ტიგროსისა და ევფრატის, სისტემების ირგვლივ მდებარეობს, ცივილიზაციის აკვნად ითვლება. თავად სიტყვა მესოპოტამია მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან, რაც ნიშნავს "მიწას მდინარეებს შორის". ამ რეგიონში დაიბადა კაცობრიობის ადრეული ისტორიის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, მათ შორის, ბორბლის გამოგონება, იალქნიანი ნავები, რუკები, დამწერლობა, მათემატიკა და სხვა.

ადამიანები რეგიონში დასახლდნენ პალეოლითის ეპოქაში და ისარგებლეს წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილი მდიდარი ნიადაგებით. დაახლოებით, 12 000 წლის წინ, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა დაიწყეს მიწის დამუშავება, რასაც სოფლის მეურნეობის რევოლუციას უწოდებენ. შემდეგ, დაახლოებით, 5 000-6 000 წლის წინ, ადგილი ჰქონდა ურბანულ რევოლუციას, რომლის დროსაც დაიწყო უფრო დიდი ქალაქების ჩამოყალიბება. პირველი ქალაქი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 3200 წლით, იყო ურუქი, რომელიც, როგორც ითვლება, დააფუძნეს შუმერებმა, პირველი დამწერლობის შემქმნელებმა.

მესოპოტამიის ისტორია ვრცელი და კომპლექსურია, რადგან რეგიონს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მმართველი თუ დინასტია იკავებდა; მათ შორის იყო აქადის იმპერია, გუთიები, ურ-ნამუ, ბაბილონელები, ხეთები, ასურელები და სპარსეთის იმპერია. ძვ.წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო რეგიონი და მისი სიკვდილის შემდეგ მესოპოტამია გახდა სელევკიდების იმპერიის ნაწილი.

მთლიანობაში, სამივე ცივილიზაციას საკმაოდ ვრცელი ისტორია აქვს, მაგრამ რთულია იმის დანამდვილებით თქმა, დროის ეს მონაკვეთი ერთი, უწყვეტი პერიოდია თუ ცვლილებებისა და სხვადასხვა კულტურის ისტორიას წარმოადგენს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.