დედამიწის უდიდესი და უძველესი კრატერები ქრება
დედამიწაზე დაახლოებით 170 უზარმაზარი კრატერია, რომელიც სხვა კოსმოსურ ობიექტთან შეჯახების, აფეთქებისა თუ ვულკანური აქტიურობის შედეგად გაჩნდა და მრავალ კილომეტრზეა გადაჭიმული. ახალი კვლევის თანახმად, ეს ჩაღრმავებები მასშტაბური ეროზიული პროცესებისა და ტექტონიკური ცვლილებების პარალელურად ქრება, რაც საკმაოდ სწრაფად ხდება.
მეცნიერები ამბობენ, რომ წესით, ჩვენი პლანეტის 4.5 მილიარდწლიანი ისტორიის განმავლობაში ფორმირებული კრატერები ხილული უნდა იყოს. ამის მოუხედავად, ისინი მხოლოდ შედარებით ახალ ასეთ წარმონაქმნებს აფიქსირებენ, რომელთა ხნიერებაც დაახლოებით 2 მილიარდი წელია, ანუ პლანეტის ასაკის ნახევარზე ნაკლები.
"თითქმის გამართლებაა, რომ ძველი სტრუქტურები აქამდე შემორჩა. ბევრი კითხვაა, რომლებზეც პასუხის გაცემას შევძლებდით, უფრო ხნიერი კრატერები რომ გვქონოდა, მაგრამ ეს გეოლოგიაში ნორმალურია. დასკვნები იმის მიხედვით უნდა გამოვიტანოთ, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია", — ამბობენ ავტორები.
დამარხული და დაფარული კრატერების დაფიქსირება სეისმური და გრავიტაციული ხელსაწყოებითაა შესაძლებელი, მათი ავთენტურობის დასადასტურებლად კი ფიზიკური ელემენტები უნდა გამოვლინდეს, როგორიც, მაგალითად, კონკრეტული მინერალებია. მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, რამდენად სწრაფად ქრება ასეთი ჩაღრმავებები, რისთვისაც სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ, რათა უძველესი და უდიდესი ნიმუში შეესწავლათ.
ის დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა, როცა დედამიწას 10-კილომეტრიანი ასტეროიდი შეეჯახა და ზედაპირზე 100 კილომეტრი სიგანის კრატერი დატოვა. ახლა მას დაბალი ბორცვებისა და კლდოვანი წარმონაქმნებისგან შემდგარი ნახევრადწრიული სტრუქტურა აქვს და ჯერ კიდევ შესამჩნევია.
სპეციალისტთა განცხადებით, მსგავსი კრატერების ეროზია ზემოდან იწყება, ამიტომ მათ ქვედა რეგიონებში არსებული ქანების ფიზიკური მახასიათებლები შეისწავლეს. დადგინდა, რომ ზოგიერთი გამოფრქვეული მატერია და მინერალი შენარჩუნებული იყო, გარეთა ქედების ქვები კი გარშემო განლაგებული ჩვეულებრივი ქვებისგან განსხვავდებოდა.
სხვაობა მარტივად შესამჩნევი არ ყოფილა, რისი მიზეზიც ისაა, რომ უდიდეს კრატერებში მნიშვნელოვანი გეოფიზიკური ნიშნები ქრება. თუ ასე გაგრძელდა, ისინი მალე სრულად განადგურდება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Geophysical Research Planets გამოქვეყნდა.
კომენტარები