მეცნიერებმა გამოავლინეს ყველაზე მძიმეწონიანი ცხოველი, რომელსაც ოდესმე უარსებია
39 მილიონი წლის წინ დედამიწაზე უზარმაზარი არსებები ცხოვრობდნენ, რომელთა წონაც წარმოუდგენლად დიდი იყო. კერძოდ, წყლის ამ გიგანტური ბინადრების წონა ლურჯი ვეშაპებისას 2-ზე მეტჯერ აღემატებოდა.
ეს ბაზილოზავრიდთა გადაშენებული სახეობა გახლავთ, რომელსაც Perucetus colossus ეწოდება. მათი სავარაუდო წონა, მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, 85 000-340 000 კილოგრამი იყო, სხეულის სიგრძე კი დაახლოებით 20 მეტრი.
პალეონტოლოგებმა ამ სახეობის წარმომადგენლის ჩონჩხის ნაწილს სამხრეთ პერუში ჯერ კიდევ 3 დეკადის წინ მიაგნეს. მას შემდეგ სპეციალისტებმა დამატებით 13 მალა, 4 ნეკნი და მენჯის ძვალი აღმოაჩინეს. როგორც ავტორები ამბობენ, განამარხებული ფრაგმენტების ამოღება მარტივი არ ყოფილა, რადგან თითოეული მალა 150 კილოგრამს იწონის.
ძვლების სიმკვრივე მიუთითებს, რომ ეს არსებები ძალიან, ძალიან მძიმეწონიანები უნდა ყოფილიყვნენ. მეცნიერთა ვარაუდით, ჩონჩხის მასიურობის დასაბალანსებლად მათ ძვლებზე უფრო მსუბუქი რბილი ქსოვილი უნდა ჰქონოდათ, რათა წყალზე ტივტივი შესძლებოდათ.
მკვლევართა თქმით, P. colossus-ის სხეული თანამედროვე ლამანტინისებრთა მსგავსი იყო, მაგრამ მათ უფრო პატარა თავი ჰქონდათ, ასევე, მომცრო ზომის ფარფლები. აქედან გამომდინარე, ისინი საკმაოდ უჩვეულო ვიზუალით გამოირჩეოდნენ, თუმცა ასეთი სხეულით მარტივად ტივტივებდნენ და წყალში ნელა მოძრაობდნენ.
უკანასკნელი მიგნება ვეშაპისებრთა ევოლუციის ჩვენებურ გაგებას ცვლის. უფრო კონკრეტულად, ახალი კვლევის მიხედვით, მათმა სხეულმა უდიდეს წონას იმაზე 30 მილიონი წლით ადრე მიაღწია, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით.
"დიდი ალბათობით, ეს არსებები ნელა მოძრაობდნენ და წყალმარჩხ ადგილებში ყვინთავდნენ. ჩვენთვის უცნობია, რით იკვებებოდნენ ისინი, რადგან მათი თავი და კბილები დღემდე არ შემორჩენილა.
სპეკულაციურ დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უმეტეს დროს ოკეანის ფსკერზე ატარებდნენ და საკვების მოსაპოვებლად დიდ ენერგიას არ ხარჯავდნენ", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა. რაც შეეხება ნიმუშს, ის პერუს დედაქალაქის საბუნებისმეტყველო მუზეუმში ინახება.
კომენტარები