მეცნიერებმა ობობას უძველესი ნამარხი გამოავლინეს
რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა გერმანიის ქალაქ ოსნაბრიუკში ობობას ნამარხს მიაგნეს, რომლის ანალიზმაც აჩვენა, რომ ეს უძველესი მსგავსი ნიმუშია და პალეოზოურ ერას მიეკუთვნება. კერძოდ, აქამდე უცნობი სახეობის წარმომადგენელი დედამიწაზე 310-315 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.
ახალ სახეობას სპეციალისტებმა Arthrolycosa wolterbeeki უწოდეს, სადაც სახელის მეორე ნაწილი ნამარხის აღმომჩენი მეცნიერის, ტიმ ვოლტერბიკის პატივსაცემად დაარქვეს. მან ობობას სხეულს კარბონული პერიოდის ქანების გათხრის შედეგად მიაკვლია. ვიზუალური მახასიათებლები მიუთითებდა, რომ ეს სრულიად უცნობი სახეობა იყო, რაც შემდგომმა კვლევამ დაადასტურა.
"თითქმის 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქამდე უცნობი ობობას ნამარხი გერმანიაში, ოსნაბრიუკის მახლობლად არსებულ პისბერგის კარიერის გვიან კარბონულ ქანებში აღმოვაჩინე.
ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რადგან გზად ობობასნაირებზე, ობობებსა და მათ სააბლაბუდე ორგანოზე ბევრი რამ გავიგე", — აცხადებს ტიმ ვოლტერბიკი.
გერმანიაში, ქვედა საქსონიის მხარეში ნაპოვნ ნიმუშში კარგადაა შემონახული სააბლაბუდე ორგანო, რომელიც ე.წ. ნამდვილი ობობების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია. ასევე, მას საკმაოდ გრძელი და ბუსუსიანი ფეხები უნდა ჰქონოდა, რომელთა პირველი წყებაც მეორესა და მესამეზე ბევრად დიდი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ობობას ზურგის მხარეს ამობურცული ეპისტოსომა ჰქონდა, ანუ სხეულის ბოლოში განლაგებული მუცლის ნაწილი. იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ობობები საკმაო მრავალგვარობით ხასიათდება, როგორც ჩანს, ადრე ასე არ იყო.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PalZ გამოქვეყნდა.
კომენტარები