ბრინჯაოს ხანის იარაღი მეტეორიტისგან დამზადებული აღმოჩნდა
მე-19 საუკუნეში შვეიცარიაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ისრის თავი მეტეორიტისგან დამზადებული აღმოჩნდა.
არტეფაქტი რკინისაა, რომელიც ციდან ჩამოვარდნილი ობიექტისგან მიიღეს. თუმცა, არის ერთი უცნაურობა, მეტეორიტი ახლომახლო დასახლებასთან არ ჩამოვარდნილა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ის ესტონეთიდან მოიტანეს.
ეს ფართო სავაჭრო ქსელის არსებობაზე მიანიშნებს, რომელიც ათასობით წლის წინ უნდა არსებულიყო.
კვლევას გეოლოგი ბედა ჰოფმანი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, პრეისტორიულ ხანაში სუფთა რკინა ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ ჩვენი წინაპრები ყველა შესაძლო ხერხს იყენებდნენ — მათ შორის, ციდან ჩამოცვენილ მასალას.
როგორც წესი, ყველაზე ხშირად რკინის მეტეორიტები გხვდება, რადგან ატმოსფეროში შემოსვლას ისინი უკეთ უძლებენ. მსგავსი მეტეორიტი ძირითადად შედგება რკინისგან და მცირე რაოდენობით ნიკელისა, თუ სხვა ლითონებისგან. ითვლება, რომ ბრინჯაოს ხანის ყველა რკინის იარაღი ძირითადად მეტეორიტებისგან მზადდებოდა.
მსგავსი არტეფაქტების უმეტესობა ახლო აღმოსავლეთში, ეგვიპტესა და აზიაშია აღმოჩენილი.
შვეიცარია ამ მხრივ გამონაკლისია. მიორიგენის დასახლება ბრინჯაოს ხანაში, ძვ.წ. 800-900 წლებში ყვაოდა. ამ ტერიტორიიდან 8 კილომეტრის დაშორებით ათასობით წლის წინ მეტეორიტი ჩამოვარდა — ეს ჯერ კიდევ ბოლო გამყინვარების პერიოდამდე.
აქ ადრე აღმოჩენილი ობიექტების შესწავლისას ჰოფმანმა სხვა რკინის ისრის თავიც აღმოაჩინა. მისი სიგრძე 39,3 მილიმეტრი იყო და 2,904 გრამს იწონიდა. მაშინაც, შემადგენლობა არამიწიერი იყო.
დავუბრუნდეთ ბოლო კვლევას. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მეტეორიტი დედამიწაზე დაახლოებით ძვ.წ. 1500 წელს ჩამოვარდა. შედეგად, მრავალი პატარა ფრაგმენტი მიმოიფანტა და სწორედ აქედან შესაძლებელი იყო ისრის თავის დამზადება.
რაც შეეხება მანძილს, ეს ადგილი მიორიგენიდან 1600 კილომეტრით იყო დაშორებული. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ შვეიცარიის ტერიტორიაზე არტეფაქტი ვაჭრობის შედეგად მოხვდა.
კვლევა Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები