რუსეთში მომაკვდინებელი ბაქტერიით დაინფიცირებული პაციენტები საავადმყოფოდან გაიქცნენ
როგორც ჩანს, პაციენტები ციმბირის წყლულით ცხენის ხორცის მირთმევის შემდეგ დაავადდნენ.
TASS-ის, რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, ცნობით, ივნისის ბოლოს, ტუვაში, რუსეთის სამხრეთ ციმბირის რეგიონის რესპუბლიკაში, რამდენიმე ადამიანი ციმბირის წყლულით დაავადდა.
რუსული სახელმწიფო მედია პროპაგანდის გაშუქებითაა ცნობილი, მაგრამ გაურკვეველია, რა სარგებელი უნდა მიეღო ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის შესახებ ამ ამბის ეთერში გაშვებით. გარდა ამისა, ციმბირის წყლულის ცალკეული შემთხვევები რუსეთში აქამდეც დაფიქსირებულა. მაგალითად, 2016 წელს იამალის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთ ციმბირში, ციმბირის წყლულით უამრავი ადამიანი დაავადდა და ერთი ბავშვი დაიღუპა.
მკვლევრების თქმით, ციმბირის წყლულის აფეთქებები უფრო გახშირდება ციმბირში კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ტემპერატურის სწრაფი მატების გამო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გაზრდილი ტემპერატურა ადნობს მარად მზრალ ქვენიადაგს და ათავისუფლებს ყველა სახის მომაკვდინებელ ბაქტერიასა და ვირუსს.
ეს უკანასკნელი ინციდენტი მოხდა ქალაქ ბიჟიქტიგ-ხაიაში, მწყემსების ბანაკში, სადაც 100-ზე მეტი არავაქცინირებული ცხოველი იყო განთავსებული. 30 ივნისს დაავადებულები, რომლებმაც, სავარაუდოდ, ცხენის ხორცი მიირთვეს, საავადმყოფოში გაგზავნეს.
პაციენტები საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყვნენ მანამ, სანამ ინფექციის ნიშნები გაქრებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ოთხი მათგანი საავადმყოფოდან გაიქცა.
TASS-ის ცნობით, პაციენტები "დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში" იმყოფებოდნენ, მაგრამ საავადმყოფო არ უნდა დაეტოვებინათ მანამ, სანამ კანზე დაავადების ყველა გამოვლინება არ განიკურნებოდა.
კომენტარები