ჩინეთში თორიუმზე მომუშავე რეაქტორს გამოცდიან — ამ საწვავს შეუძლია, ქვეყანა 20 ათასი წლით უზრუნველყოს
რეაქტორი გობის უდაბნოშია განთავსებული.
ჩინეთში ბირთვული უსაფრთხოების მეთვალყურე ორგანიზაციამ ნებართვა გასცა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში თორიუმზე მომუშავე პირველი რეაქტორი ამუშავდება.
თორიუმის გამდნარი მარილის რეაქტორი (MSR) ორმეგავატიანია და თხევად საწვავზე მუშაობს. იგი გობის უდაბნოშია განთავსებული, განსუს პროვინციაში. მას შანხაის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი (ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია) ამუშავებს.
ნებართვის მეშვეობით, რომელიც ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციამ გასცა ივნისში, შანხაის ინსტიტუტს საშუალება ექნება, რეაქტორი 10 წლით ამუშაოს. ეს ჯერ ტესტირებით დაიწყება.
ნებართვაში დაკონკრეტებულია, რომ რეაქტორის უსაფრთხოებაზე შანხაის ინსტიტუტი აგებს პასუხს. იგი ყველა შესაბამის კანონს, რეგულაციასა და ტექნიკურ სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს.
თორიუმის MSR-ები დახვეწილი ბირთვული ტექნოლოგიაა, რომელიც თხევად საწვავზე (როგორც წესი, გამდნარ მარილებზე) მუშაობს — იყენებს როგორც საწვავად, ასევე მაცივებელ აგენტად. ურანზე მომუშავე ტრადიციულ რეაქტორებთან შედარებით, იგი მეტად უსაფრთხოა, ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის და საწვავსაც უფრო ეფექტიანად იყენებს.
ურანთან შედარებით, თორიუმი მეტად გავრცელებული ელემენტია, ჩინეთში კი მისი საკმაოდ მნიშვნელოვანი რეზერვები აქვთ — მეტიც, მიჩნეულია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი. მასშტაბი საზოგადოებისათვის არაა გაცხადებული, თუმცა ქვეყნის ენერგიულ საჭიროებებს მინიმუმ 20 ათასი წლის განმავლობაში ეყოფა.
საგულისხმოა ისიც, რომ გამდნარი მარილის რეაქტორების აშენება წყლისგან მოშორებითაც არის შესაძლებელი, თუნდაც უდაბნოში.
უნდა აღინიშნოს, რომ შანხაის ინსტიტუტმა უდაბნოში, იმავე ტერიტორიაზე, მომდევნო პროექტიც გამოუშვა — კვლევითი დაწესებულება მცირემასშტაბიანი მოდულური თორიუმის გამდნარი მარილის რეაქტორისთვის. ინსტიტუტის ვებსაიტის მიხედვით, ამის მიზანი ტექნოლოგიის დახვეწა და ტექნიკურ გამოწვევებთან გამკლავებაა.
თუკი თორიუმის რეაქტორის მასშტაბური გამოყენება დაიწყება, შესაძლოა, ეს ჩინეთისათვის ერთგვარი უპირატესობა იყოს ენერგიის სექტორის გლობალურ ასპარეზზე.
ინდუსტრიის ექსპერტთა აზრით, სანამ ტექნოლოგიის მასშტაბური გამოყენება დაიწყება, არაერთი ტექნიკური, რეგულატორული და ეკონომიკური საკითხია მოსაგვარებელი.
კომენტარები