ასტრონომებმა "ორსახოვანი" ვარსკვლავი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა აღმოაჩინეს თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც "ორსახოვანია". კერძოდ, მკვდარი მნათობის ამ მკვრივი ბირთვის ერთი მხარე წყალბადისგან შედგება, მეორე კი — ჰელიუმისგან. ეს ჩვენ მიერ დაფიქსირებული პირველი მსგავსი ობიექტია.
მეცნიერები გეგმავენ, რომ ვარსკვლავი უფრო დეტალურად გამოიკვლიონ და მისი შემადგენლობის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ.
"თეთრი ჯუჯის ზედაპირი ერთიდან მეორე მხარემდე სრულიად იცვლება. როცა ამ დაკვირვებებს სხვებს ვუზიარებ, ისინი გაოცებულები რჩებიან", — აცხადებს ახალი ნაშრომის თანაავტორი, ილარია გაიაცო.
ახალაღმოჩენილ ვარსკვლავს სპეციალისტებმა რომაულ მითოლოგიაში არსებული ორსახოვანი ღვთაების სახელი, იანუსი, უწოდეს. ის მათ პალომარის ობსერვატორიის პროექტ Zwicky Transient Facility-ის ფარგლებში დააფიქსირეს, როცა მაგნეტიზებულ თეთრ ჯუჯებს ეძებდნენ.
იანუსი ასტრონომებმა მაშინვე შენიშნეს, რადგან მისი სიკაშკაშე საგრძნობლად იცვლებოდა. ამის მიზეზის დასადგენად ისინი მას სათანადო ხელსაწყოებით HiPERCAM (ესპანეთი) და CHIMERA (პალომარი) დააკვირდნენ. შედეგად, გაირკვა, რომ ეს მნათობი საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვას 15 წუთს ანდომებს, კეკის ობსერვატორიის მონაცემებმა კი მისი ორი "სახე" გამოავლინა. თითოეული ნახევარსფეროს შემადგენლობა სპექტრომეტრით შეისწავლეს და ზემოხსენებული ელემენტების კვალს მიაგნეს.
ავტორთა ჰიპოთეზის თანახმად, იანუსი შესაძლოა, თეთრი ჯუჯებისთვის დამახასიათებელ იშვიათ ევოლუციურ ფაზაში იყოს, როცა მათში დომინანტური ელემენტი წყალბადის ნაცვლად ჰელიუმი ხდება. სავარაუდოდ, ეს მნათობიც სწორედ ასეთ გარდამავალ ეტაპზეა, ხოლო სხვაობას, პოტენციურად, მაგნიტური ველი უწყობს ხელს.
ამგვარი ველები ხშირად არაერთგვაროვანია და ერთ მხარეს უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე მხარეს. ამგვარ ნახევარსფეროში მატერიის შერევა ფერხდება და წყალბადი ნარჩუნდება, დანარჩენ რეგიონებში კი ჰელიუმი ჭარბობს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები