შეთქმულების თეორიების მიმდევართა ფსიქოლოგია: მეტი, ვიდრე პარანოია
ადამიანებს შეთქმულების თეორიებისა მათი პიროვნული მახასიათებლებისა და მოტივების ერთობლიობის შედეგად სჯერათ. ესენი შეიძლება იყოს: ინტუიციაზე მტკიცედ დაყრდნობა, სხვებისადმი ანტაგონიზმისა და უპირატესობის განცდა, გარემოში აღქმული საფრთხეები და სხვა. მასშტაბური კვლევით საკითხი დეტალურად შეისწავლეს, მისი მიგნებები კი ჟურნალში Psychological Bulletin გამოქვეყნდა.
"შეთქმულების თეორიების ყველა მიმდევარი მარტივი გონების, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხალხი შეიძლება სულაც არ იყოს — ამ პორტრეტს გამუდმებით გვიხატავს პოპულარული კულტურა", — აცხადებს შაუნა ბოუვსი, კვლევის მთავარი ავტორი და კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორანტი ემორის უნივერსიტეტიდან — "ამის ნაცვლად, ბევრი იმიტომ მიმართავს შეთქმულების თეორიებს, რომ დაუკმაყოფილებელი მოტივაციური საჭიროებები დაიკმაყოფილოს და გასაჭირსა თუ დისფუნქციაში გამოერკვეს".
წინა კვლევების ფარგლებში, როგორც წესი, საკითხს პიროვნულობისა და მოტივაციის კუთხით ცალ-ცალკე იკვლევდნენ. ახალი კვლევით მეცნიერებმა ეს ფაქტორები ერთიანად შეისწავლეს, რათა უფრო ერთიანად აეხსნათ, რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების.
ამისათვის მეცნიერებმა 170 კვლევის მონაცემები შეისწავლეს. ჯამში ისინი 158 ათას მონაწილეს მოიცავდა, რომლებიც უმეტესად აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან და პოლონეთიდან იყვნენ.
მკვლევრები იმ ნაშრომებზე ფოკუსირდნენ, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეებში კონსპირაციულ აზროვნებასთან დაკავშირებული მოტივები თუ პიროვნული თვისებები შეფასდა.
დადგინდა, რომ შეთქმულების თეორიების რწმენას ადამიანებში, ზოგადად, ორი ფაქტორი უძღოდა წინ: გარემოს გაგების, ასევე მასში თავის უსაფრთხოდ გრძნობის საჭიროება; იმის შეგრძნების საჭიროება, თითქოს საზოგადოება, რომელსაც თავს მიაკუთვნებენ, დანარჩენებზე უპირატესია.
მართალია, ბევრი შეთქმულების თეორია სიზუსტესა და დამაბნეველი მოვლენების ამხსნელ საიდუმლო სიმართლეს გვთავაზობს, თუმცა გარკვეულობისა და კონტროლის შეგრძნება თეორიების მიმდევართა ყველაზე ძლიერი მოტივატორი სულაც არ ყოფილა.
ამის ნაცვლად, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ კონკრეტული შეთქმულების თეორიებისა მაშინ უფრო ხშირად სჯერათ, როდესაც ამის მოტივატორი სოციალური ურთიერთობებია.
მაგალითისთვის, მონაწილეებს, რომლებიც სოციალურ საფრთხეებს აღიქვამდნენ, უფრო ხშირად სჯეროდათ მოვლენებზე დამყარებული შეთქმულების თეორიების. ასეთია, თუნდაც, თეორია, რომ 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმები აშშ-ის მთავრობამ დაგეგმა, ნაცვლად შედარებით აბსტრაქტული თეორიისა, რომლის თანახმად, მთავრობებს ზოგადად თავიანთი მოქალაქეების დაზარალება სურთ ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
"შედეგები ახალ თეორიულ მონახაზს მიესადაგება, რომლის თანახმად, შეთქმულების თეორიის შინაარსისადმი ინტერესს სოციალურ იდენტობასთან დაკავშირებული მოტივები შეიძლება აღძრავდეს. მეორე მხრივ, ადამიანებს, რომელთაც სურთ თავი უნიკალურებად იგრძნონ, უფრო ხშირად ზოგადი შეთქმულების თეორიებისა სჯერათ, რომლებიც სამყაროს მუშაობას ხსნის", — განმარტავს ბოუვსი.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს ისიც, რომ კონკრეტული მახასიათებლების მქონე ადამიანები შეთქმულების თეორიების დაჯერებისადმი მეტად არიან მიდრეკილნი. მსგავსი თვისებებია, მაგალითად, სხვების მიმართ ანტაგონიზმის შეგრძნება და მომატებული პარანოია.
მათ, ვისაც შეთქმულების თეორიებისა სჯეროდათ, უფრო ხშირად იყვნენ: თავდაუჯერებლები, პარანოიით შეპყრობილები, ემოციურად არამდგრადები, იმპულსურები, ეჭვიანები, საკუთარ თავში ჩაკეტილები, მანიპულატორები, ეგოცენტრულები და ექსცენტრულები.
საგულისხმოა, რომ დიდი ხუთეულის მოდელის თვისებებს (ექსტრავერსია, თანხმობისათვის მზაობა, გამოცდილებისადმი ღიაობა, პატიოსნება, ნეიროტიციზმი) გაცილებით სუსტი კავშირი ჰქონდა კონსპირაციულ აზროვნებასთან. მეორე მხრივ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ზოგადად პიროვნული თვისებები არაა რელევანტური მიდრეკილებასთან, რომ შეთქმულების თეორიებისა გვჯეროდეს.
ბოუვსის თქმით, სამომავლო კვლევები იმის გააზრებით უნდა ჩატარდეს, რომ კონსპირაციული აზროვნება კომპლექსური რამაა; ამის, მოტივაციისა და პიროვნულობის კვლევისას არაერთი მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ცვლადი უნდა გავითვალისწინოთ, რათა შეთქმულებასთან დაკავშირებული იდეების ზოგად ფსიქოლოგიას ჩავწვდეთ.
კომენტარები