ნახეთ: სეულში ჰუმანოიდმა რობოტმა ორკესტრს უდირიჟორა
სამხრეთ კორეაში ახლახან კონცერტი გაიმართა, რომელშიც 950 ადამიანის თვალწინ ორკესტრს, არც მეტი, არც ნაკლები, ჰუმანოიდმა რობოტმა უდირიჟორა. ის EveR 6-ის სახელითაა ცნობილი, და ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, როგორ ამოძრავებს ხელებსა და თავს თითქმის ზუსტად ისე, როგორც ნამდვილ დირიჟორს შეეფერება.
ეს რობოტი კორეის ინდუსტრიული ტექნოლოგიის ინსტიტუტში შექმნეს, ხოლო მისი დებიუტი ქვეყნის ეროვნულ თეატრში შედგა. 1.8 მეტრი სიმაღლის მქონე მოწყობილობამ, რომელიც ვიზუალურად ადამიანს ჰგავს, ტრადიციულ ინსტრუმენტებზე დაკვრისას 60 მუსიკოსს უდირიჟორა.
ინჟინრების თქმით, EveR 6 გენერაციული ხელოვნური ინტელექტით არაა აღჭურვილი. მასში კონკრეტული მოძრაობები პროგრამულადაა ჩატვირთული. ამისთვის სპეციალისტებმა სენსორების მეშვეობით ადამიანის სადირიჟორო ტრაექტორიები ციფრულად აღბეჭდეს. ინსტიტუტში ამბობენ, რომ სამომავლოდ მასში AI-ის ინტეგრირებაც იგეგმება. ასევე, აპირებენ, რობოტი სცენაზე დირიჟორის დამხმარის ამპლუაშიც აიყვანონ.
EveR 6-მა 30 ივნისს გამართულ კონცერტზე 5 მელოდიიდან 3-ის შესრულებისას იდირიჟორა. მას ეს იმაზე ბევრად უკეთ მოახერხა, ვიდრე მუსიკოსები ვარაუდობდნენ. მსმენელებმა აღნიშნეს, რომ რობოტის მოძრაობები მუსიკოსების პარტიებთან ჰარმონიაში იყო და ყველაფერმა ხარვეზის გარეშე ჩაიარა.
უნდა ითქვას, რომ EveR 6 პირველი რობოტი არაა, რომელმაც ასეთ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა. 2008 წელს გამართულ კონცერტზე დირიჟორის სახით ჰონდას მიერ შექმნილი მოწყობილობა ასიმო ვიხილეთ, 2017-ში შვეიცარიაში საზოგადოების წინაშე 2 მექანიკური ხელის მქონე იუმი წარსდგა, 2018-სა და 2020-ში კი იაპონიაში მეორე და მესამე თაობის Alter-ის AI რობოტების დებიუტი შედგა.
კომენტარები