მეცნიერებმა სრულიად უცხო ატომბირთვი აღმოაჩინეს — ასტატის ახალი იზოტოპი
მეცნიერებმა დედამიწის ქერქის ყველაზე იშვიათი ელემენტის, ახალი ვარიანტი, იზოტოპი, აღმოაჩინეს. ესაა ასტატ-190 (190At) — ატომბირთვი, რომელსაც 85 პროტონი და 105 ნეიტრონი აქვს. 190At ამ ელემენტის ყველაზე მსუბუქი იზოტოპია, რომელიც კი აქამდე დაფიქსირებულა.
მიგნებები მეცნიერებს ალფა-დაშლის პროცესის, ასევე ატომბირთვის სტრუქტურისა და შეზღუდვების შესწავლაში შეიძლება დაეხმაროს.
ასტატი უაღრესად არასტაბილური და ძლიერ რადიოაქტიური ელემენტია. ბუნებაში იგი მხოლოდ დაშლის პროდუქტად იჩენს თავს, ანუ უფრო მძიმე ელემენტების რადიოაქტიური დაშლის შედეგად მიიღება და თავადაც უფრო მსუბუქ ქიმიურ ელემენტებად იშლება. ასტატის ყველაზე მსუბუქი იზოტოპია 210At, რომლის ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით 8 საათია — ეს მაშინ, როცა იზოტოპთა უმრავლესობის შემთხვევაში ეს დრო სულ რამდენიმე წამს შეადგენს.
სწორედ არასტაბილურობის გამოა იგი ბუნებაში ასეთი იშვიათი. შესაბამისად, ელემენტის მახასიათებლების განსაზღვრა საკმაოდ რთულია. სადავო საკითხია ისიც, ასტატი ჰალოგენთა ჯგუფს განეკუთვნება თუ მეტალოიდია. ამ ელემენტის შესწავლით მხოლოდ მის შესახებ როდი მივიღებთ ინფორმაციას — ასე რადიოაქტიურ დაშლასა და ბირთვის სხვადასხვა იზოტოპებად გარდაქმნაშიც უკეთ გავერკვევით.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სტრონციუმ-84 სამიზნე ვერცხლის ატომებს სტყორცნეს და შედეგად წარმოქმნილი დაშლის პროდუქტები შეისწავლეს. ამათ შორის ასტატ-190 ფიზიკოსებმა სრულებით მოულოდნელად შენიშნეს.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა ურანის აქამდე უცნობი იზოტოპი აღმოაჩინეს — როგორ შეიქმნა ურან-241
აქამდე ასტატის ყველაზე მსუბუქ იზოტოპად ასტატ-192 მიიჩნეოდა. მკვლევრებმა აღმოჩენა გააანალიზეს და იგი ატომური მასის მოდელთა პროგნოზებს შეადარეს, რათა ასტატის შესახებ რაიმე ახალი გაეგოთ.
მიგნება ელემენტსა და ალფა-დაშლაზე არსებულ ინფორმაციას მიესადაგება. ახალი იზოტოპის ნახევრად დაშლის პერიოდი სულ რაღაც 1 მილიწამს შეადგენს. ამასთანავე, დაშლა შეუფერხებლად წარიმართა, რაც მძიმე ელემენტთა რადიოაქტიურ იზოტოპებში შეიძლება ხდებოდეს.
ნაშრომი გამოცემაში Physical Review C გამოქვეყნდა.
კომენტარები