რუსებს აჯანყებაც კი არ გამოუვიდათ — ნახეთ, როგორ დაიხიეს უკან ვაგნერელებმა
23 ივნისის ღამემ მსოფლიომ კიდევ ერთხელ ახალ რეალობაში გაიღვიძა. რუსეთისადმი არამეგობრულ ქვეყნებში, განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოში გაჩნდა იმედი, რომ პუტინის დიქტატურას საყრდენები მოეშალა და რამდენიმე დღეში სულ ჩამოიშლებოდა. ამის იმედს რუსეთის პრეზიდენტზე არანაკლებ ოდიოზური ფიგურის, მისი მარჯვენა ხელის, ევგენი პრიგოჟინისა და ვაგნერის აჯანყება გვაძლევდა.
23 ივნისს უკრაინიდან გამობრუნებულმა ვაგნერის რამდენიმე ათასიანმა დაჯგუფებამ რუსეთის საზღვარი დაუბრკოლებლად გადაკვეთა, როსტოვში შევიდა, მცირე წინააღმდეგობების მიუხედავად დაიკავა და კოლონა მოსკოვისკენ დაძრა.
დედაქალაქი პანიკამ მოიცვა, მისასვლელი გზები ჩაიკეტა და ჯავშანტექნიკა გამაგრდა. პრიგოჟინის წინააღმდეგ სამხედრო აჯანყების მოწყობაზე საქმე აღიძრა, პუტინმა მიმართვაში ყოფილ მარჯვენა ხელს მოღალატეც კი უწოდა.
თუმცა მთელი ეს ქაოსი სრულად უსარგებლო და უშედეგო აღმოჩნდა. პრიგოჟინი თავისი ჯარიანად უკან მიბრუნდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამაზე ალექსანდრ ლუკაშენკომ გვაცნობა.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, პუტინის დავალებით პრიგოჟინთან მთელი დღე მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ, დაითანხმა, რომ კოლონა გაეჩერებინა.
"23 ივნისს გავემგზავრეთ "სამართლიანობის მარშზე". ერთ დღეში ფეხით გავიარეთ და მოსკოვამდე 200 კილომეტრიღა გვრჩებოდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთიც არ დაგვიღვრია. ახლა დადგა მომენტი, როდესაც შეიძლება სისხლი დაიღვაროს. ამიტომ, ვაცნობიერებთ მთელ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ რუსული სისხლი დაიღვრება ერთ-ერთ მხარეს, ჩვენ გავაბრუნებთ ჩვენს კოლონებს და საპირისპირო მიმართულებით დავტოვებთ საველე ბანაკებს გეგმის მიხედვით", — განაცხადა პრიგოჟინმა.
მალევე კრემლმა გვამცნო, რომ აჯანყების მსგავსად, პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმეც ნახევრდღიანი აღმოჩნდა და ვაგნერის ხელმძღვანელი ბელარუსში გაემგზავრებოდა.
როსტოველებმა ის და ვაგნერელები გმირებივით გააცილეს — დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად სურათებს იღებდნენ, ტაშს უკრავდნენ და სკანდირებდნენ ვაგნერს.
ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ არ დაიწყებენ იმ ვაგნერელების დევნას, რომლებიც აჯანყებაში მონაწილეობდნენ. თუმცა, რუსი პროპაგანადისტის თქმით, სასჯელს ვერ გადაურჩნენ თავდაცვის სამინისტროს ის სამხედროები, რომლებმაც იარაღი დადეს ვაგნერის მიერ როსტოვის აღებისას.
ამის შემდეგ ქალაქში ადგილობრივი პოლიცია დაბრუნდა. მოქალაქეთა ნაწილი მათ ასეთივე ენთუზიაზმით არ დახვედრია, გზა გადაუკეტეს და სირცხვილიას სკანდირებდნენ.
მოსკოვის მიმდებარედ, ლიპეცკის ოლქში, სადაც ვაგნერელები იყვნენ ჩასული, მალევე დაიწყეს იმ თხრილების ამოვსება, რომელიც მათ შესაჩერებლად გააკეთეს.
მოსკოვიდან მძიმე ჯავშანტექნიკა გაიყვანეს და ბლოკპოსტები მოხსნეს. საზღვარგარეთ ბილეთების ღირებულებამ შაბათს დიდი ზრდის შემდეგ, ისევ დაიწია. აი, ასე ნახევარ დღეში დაუბრუნდა რუსეთი ჩვეულ ცხოვრებას და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წინააღმდეგობის, ცვლილებების მზაობა არ აქვს.
კომენტარები