ნახეთ: ამ გასაოცარ ფოტოზე მარსი ისეთი ჩანს, როგორიც არასდროს გინახავთ
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მარსის შესასწავლად გაშვებული ზონდის Mars Express 20 წლის იუბილეს აღსანიშნად წითელი პლანეტის გასაოცარი გამოსახულება გამოაქვეყნა, რომელზეც მისი ლანდშაფტის ფერადი დეტალები მკაფიოდ ჩანს და ზედაპირის თავისებურებებს უკეთ გამოკვეთს.
ახალი მოზაიკური სურათი კამერა HRSC-ის მიერ გადაღებული 90 კადრისგანაა შედგენილი, რომელიც მან ელიფსურ ორბიტაზე 4 000-50 0000 კილომეტრ სიმაღლეზე მოძრაობისას გადაიღო. ეს საშუალებას გვაძლევს, მარსის გლობალურ ხედს დავაკვირდეთ.
ფოტოზე ზედაპირის წითელი შეფერილობა დაჟანგული რკინის შედეგია, ხოლო მუქი და მოლურჯო რეგიონები ვულკანურ აქტიურობას უკავშირდება, რომელმაც მონაცრისფრო-მოშავო ბაზალტური მატერია დატოვა. მისი ნაწილაკები ქარს გადააქვს, რაც კრატერებში ქვიშის უზარმაზარი დიუნების წარმოქმნას უწყობს ხელს.
უფრო ღია ფერის, მოთეთრო არეალები მარსზე ძველად არსებული წყლის ქვებთან ურთიერთქმედებისა და მათი შეცვლის შედეგია. კერძოდ, ესაა თიხა და სულფატის მინერალები. ეს უკანასკნელი მარინერის ხეობის მიმდებარედ მოჩანს, რომელიც მთელს მზის სისტემაში კანიონთა უდიდესი სისტემაა და 4 000 კილომეტრზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული. ასეთი მინერალები მჟავის შემცველ გარემოზე მიუთითებს.
Mars Express წითელი პლანეტის ორბიტაზე 2003 წელს შევიდა და მას მხოლოდ 1 მარსული წელი უნდა ეფუნქციონირა, რაც 687 დედამიწური დღის ეკვივალენტურია. ზონდმა ამ ვადას ბევრად გადააჭარბა და მისია სულ მცირე 2026 წლამდე გახანგრძლივდა. ეს ნიშნავს, რომ კამერა HRSC კიდევ მრავალ შთამბეჭდავ სურათს გადაიღებს.
კომენტარები