ჩვენ ვჭამთ ანანასს თუ ანანასი გვჭამს? — აი, რატომ გვეწვის პირის ღრუ მისი მირთმევისას
ანანასი — ხილი, რომელიც თავადაც გვჭამს?
ანანასი ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელი ხილია. მდიდარია C და B6 ვიტამინებით და არაერთი სხვა კვებითი სარგებელი შეუძლია მოგვიტანოს, თუმცა ერთი დიდი ნაკლი აქვს: მირთმევისას პირში არსებულ უჯრედებს აზიანებს და უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს — შეიძლება ითქვას, ჭამის დროს იგი თავადაც გვჭამს.
ეს იმიტომ ხდება, რომ ანანასი ფერმენტს, სახელად ბრომელაინს, შეიცავს. ამ ენზიმს ცილების დაშლა შეუძლია, მათ შორის იმათიც, რომლებიც ჩვენს პირშია. შესაბამისად, ამ ხილის ჭამისას ზოგიერთი ადამიანი ჩხვლეტას ანდა წვას გრძნობს. მეტად სერიოზულ შემთხვევებში, შესაძლოა, პირის ღრუში სისხლდენამდეც კი მივიდეთ.
ბრომელაინი პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც ანანასის ნაყოფსა და ღეროში გვხვდება და ცილების დაშლას უწყობს ხელს. იგი დამწვრობების საწინააღმდეგოდაც შეიძლება გამოვიყენოთ: წინასწარი კვლევებით, ბრომელაინი დამწვრობის შემდეგ მკვდარი და დაზიანებული კანის მოშორებას შეიძლება უწყობდეს ხელს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენადაა იგი ნაიარევებისათვის სხვა საშუალებებზე ეფექტიანი.
ჭამისას დაზიანების რისკის შესამცირებლად შეგიძლიათ, ანანასი ღეროდან გაჭრათ, სადაც ბრომელაინი ყველაზე ჭარბადაა. მეორე ვარიანტია, ეს ხილი კონსერვირებული მიირთვათ. მაღალ ტემპერატურაზე მოხვედრისას ანანასში არსებული ენზიმები ნადგურდება, შესაბამისად, მისი ჭამისას დისკომფორტიც მცირდება.
საბოლოო ჯამში, თუკი ალერგიული არ ხართ, ანანასის მირთმევა სრულებით უსაფრთხოა, თუმცა კი ცოტა არაკომფორტული შეიძლება აღმოჩნდეს. მართალია, ბრომელაინს ნაიარევი ქსოვილის დაშლა შეუძლია, თუმცა არც დანარჩენებს ინდობს და პირში არსებულ უჯრედებს აზიანებს.
კომენტარები