შექმნეს რობოტი, რომელიც სიცხეში ოფლს გამოყოფს
ANDI — ესაა არიზონის შტატის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ შექმნილი ე.წ. თერმული მანეკენი, რომელიც მაღალი ტემპერატურის პირობებში ოფლს ისევე გამოყოფს, როგორც ადამიანი, რათა გაგრილდეს.
მისი მეშვეობით მეცნიერები ცდილობენ შეისწავლონ, რა გავლენა აქვს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ დათბობას ადამიანის სხეულზე. მათი აზრით, ასეთი ცდების ნამდვილ პიროვნებაზე ჩატარება არაეთიკური და სახიფათოა, ამიტომ ამჯობინებენ, ამისთვის ერთგვარი ჰუმანოიდი რობოტი გამოიყენონ. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს ექსპერიმენტები მნიშვნელოვანია, რადგან რაც ახლა ექსტრემალურ სიცხედ მიიჩნევა, შესაძლოა, 20 წელში ნორმად იქცეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მანეკენები აქამდეც შეუქმნიათ, თუმცა მათ ლაბორატორიულ პირობებში ცდიან. რაც შეეხება ANDI-ს, ის შიდა გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი, რაც მისი გარეთ დატესტვის საშუალებას იძლევა. ის არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საფრთხეებზე მოგვაწვდის ინფორმაციას, არამედ მაღალ ტემპერატურასთან გამკლავების გზების მოფიქრებაშიც დაგვეხმარება.
"იქნებ, ჩრდილში 15 წუთით მეტხანს უნდა დავდგეთ ან წყალი 20 წუთის განმავლობაში მივისხუროთ. იქნებ, კონკრეტულ ჩაცმულობაშია გამოსავალი. იდეა იმ ყველაფრის მოსინჯვაში მდგომარეობს, რაც შეიძლება დაგვეხმაროს", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, ANDI, რომელსაც შინაგანი "ორგანოებიც" კი აქვს, სიცხეში ადამიანთა სიკვდილის შემთხვევების მიზეზებში უკეთ გარკვევის შესაძლებლობას მოგვცემს.
კომენტარები