ზაფხულის მოახლოება ალბათ ისედაც ყველასთვის სასიხარულოა, მაგრამ სულ სხვა ამბავია, როცა იცი, რომ წინ დიდი, სამთვიანი არდადეგები და დაუვიწყარი თავგადასავლები გელოდება. ამ დროს შეგიძლია ყველა ის ჩანაფიქრი განახორციელო, მთელი წელი რომ თავში გიტრიალებდა და მისთვის დროის გამონახვას ამაოდ ცდილობდი. ეს შეიძლება იყოს წიგნი, რომლის წაკითხვისთვისაც ვერა და ვერ მოიცალე. ან სულაც, შეგიძლია სხვა თავგადასავლის საძიებლად გაეშურო და აღმოაჩინო ახალი წიგნი, რომელიც შენს არდადეგებს მართლაც დაუვიწყრად აქცევს.

მოკლედ, თუკი საზაფხულო საკითხავი ჯერ კიდევ არ შეგირჩევია, ამ საკითხში ჩვენც შეგვიძლია დაგეხმაროთ — არდადეგებამდე ხომ სულ რამდენიმე დღეღა რჩება.

1. შველი, სახელად კოპლი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თუკი ცხოველები და მათზე ზრუნვა გიყვარს, აუცილებლად უნდა გაიცნო ინგლისელი ავტორი ელენ პიტერსი და მისი მოყოლილი ძალიან კეთილი ამბები. ეს ამბები თავმოყრილია სერიაში ჯეინი და მისი ცხოველები. სერიიდან ერთ-ერთი გამორჩეული (და თან ახალი!) წიგნი კი შველი, სახელად კოპლი გახლავს. ლამაზთვალება კოპლი მუხის კორომის ფერმაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნადიამ ის უბედურ შემთხვევას გადაარჩინა. თუმცა, შვლის პატარა ნუკრს კიდევ ბევრი სირთულე აქვს გადასალახი. ისევე, როგორც სერიის სხვა წიგნები, შველი, სახელად კოპლიც აუცილებლად მოგგვრის ღიმილსაც და ცრემლსაც. თუმცა, ეს ის ამბავიცაა, ადვილად რომ ვერ დაივიწყებ.

2. კომეტა მუმინების ხეობაში

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მუმინებს თუ იცნობ? არა? არ მჯერა! ფინელი მწერლის, ტუვე იანსონის, ჯადოსნური წიგნები რომც არ გქონდეს წაკითხული, სადმე თვალს აუცილებლად მოჰკრავდი ამ თეთრ და ფუმფულა არსებებს. თუმცა, მხოლოდ ეგ არ კმარა. ზაფხულის ბოლომდე აუცილებლად უნდა მოხვდე მუმინების ხეობაში და ამ ზღაპრული თავგადასავლის ნაწილად იქცე. კომეტა მუმინების ხეობაში დიდი სერიის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამბავი რომ ჩაგითრევს (და ამას წყალი არ გაუვა), მერე შეგიძლია სერიის სხვა წიგნებსაც მიაკითხო.

3. ყვითელი კოდალას ორდენი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მუმინებისგან განსხვავებით, ნამდვილად არ გამიკვირდება, თუკი ამ წიგნის სახელი გაგონილიც არ გექნება. ბრაზილიელი მწერლის, მონტეირუ ლობატუს, ეს ცნობილი საბავშვო ნაწარმოები ხომ სულ ახლახან ითარგმნა ქართულად. ყვითელი კოდალას ორდენი მსოფლიოში დიდი ხნის წინ გაიცნეს და შეიყვარეს. როცა თავადაც წაიკითხავ ამ წიგნს, მიხვდები, რატომ არ კარგავს პოპულარობას გამოცემიდან ათწლეულების შემდეგაც კი. ეს ხომ ზედგამოჭრილი საზაფხულო საკითხავია — მის მთავარ გმირებს დაუჯერებელი ამბები თავს სწორედ არდადეგებზე გადახდებათ. შენ კი ძალიან ადვილად შეგიძლია ამ ზღაპრული თავგადასავლის მონაწილე გახდე.

4. ტორტი ზეცაში

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ვეჭვობ, ამ წიგნის სათაურმა უკვე მიიქცია შენი ყურადღება. და სრულიად სამართლიანადაც. აბა, ავტორის სახელსაც დააკვირდი... ჰო! სწორედ ის ჯანი როდარია, ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები და ჩიპოლინოს თავგადასავალი რომ გაგვაცნო. ახლა კი ალბათ დაახლოებით მაინც წარმოგიდგენია, როგორი ჯადოსნური ამბავი გელოდება წინ. საქმე ისაა, რომ რომის ერთ გარეუბანში, ერთ მშვენიერ დილას ცაზე უცხოპლანეტელების ხომალდი გამოჩენილა. შენ რას იზამდი ამ დროს? ალბათ ათასი აზრი მოგივიდოდა თავში; მარსელების თავდასხმაა? იქნებ სხვა გალაქტიკების მცხოვრებები გვესტუმრნენ? ამ ყველაფერს თავადვე შეიტყობ, როცა წიგნს წაიკითხავ.

5. 36 და 6 კატა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

აი, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო წიგნი ცხოველების მოყვარულებისთვის — განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც კრუტუნა, თავდაჯერებულ და გრაციოზულ არსებებთან მეგობრობს. სათაურში კი შეცდომა ნამდვილად არაა — ქალბატონ კრეპოვასა და მის ძმისშვილ სტასს ერთ დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, 36 ზრდასრული კატა და ექვსიც პატარა ფისუნია მიადგა. რა შეიძლება მოხდეს, როცა კატების ამხელა საზოგადოება ერთად იყრის თავს? ჰო, ეს სწორედაც რომ საზოგადოებაა და არავითარ შემთხვევაში ხროვა, ჯოგი ან მით უმეტეს ბანდა!

6. ცნობილი ხუთეული

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ცნობილი ხუთეული, რეალურად, წიგნების სერიის სახელია, რომელიც ჯამში 20-ზე მეტ გამოცემას აერთიანებს. მისი ავტორი კი საქვეყნოდ ცნობილი ინგლისელი მწერალი ენიდ ბლაიტონი გახლავს. ბლაიტონის წიგნები 90-მდე ენაზეა თარგმნილი და 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული მსოფლიოში. აი, ცნობილი ხუთეული კი კვლავაც ძალიან საზაფხულო ამბებს და უჩვეულო თავგადასავლებს უყრის თავს: ლაშქრობებს, კუნძულებზე მოგზაურობებს და რას აღარ! სერიის პირველი წიგნი 80 წელზე მეტი ხნის წინ გამოიცა, თუმცა, ცნობილი ხუთეულის პოპულარობას დრომ ვერაფერი დააკლო.

7. ჩვენც სალტკროკელები ვართ

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

რა თქმა უნდა, ეს სია ვერანაირად იქნებოდა სრულყოფილი ასტრიდ ლინდგრენის გარეშე. ზაფხულში სამოგზაუროდ შორეულ კუნძულებსა და ფიორდებზე უკეთეს ადგილს კი ძნელად თუ იპოვი. ამ წიგნის საშუალებით სწორედ იქ გაემგზავრები — კუნძულ სალტკროკაზე, სადაც დედაქალაქელი მელკერსონები ზაფხულის გატარებას გადაწყვეტენ. ჩვენც სალკტროკელები ვართ გასაოცარ, სიკეთით სავსე ამბებს გვიყვება. მის კითხვაში გატარებული ზაფხული კი, დარწმუნებული იყავი, არასდროს დაგავიწყდება.

8. ჩვენი სამხრეთი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სიკეთე სავსე ამბავი ვახსენეთ და არაფრით არ შეიძლება გამოგვრჩეს ჩვენი სამხრეთი. ეს წიგნი ხომ მეგობრობისა და წარმოსახვის ძალაზე მოგვითხრობს. ყველაფერი კი იმით იწყება, რომ არდადეგებამდე ერთი დღით ადრე, ბოლო გაკვეთილზე, ინას თანაკლასელები საუბარს იწყებენ, ვინ სად აპირებს ზაფხულის გატარებას — ზღვაზე, საზღვარგარეთ... ინა ირწმუნება, სამხრეთით მივდივარო, მაგრამ მისი ახალი კლასელის გარდა ვერავინ ხვდება, სადაა ეს "სამხრეთი".

9. მწვანე ტბის ბანაკი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ილნეტსების საგვარეულო წყევლაზე თუ არაფერი გსმენია, ალბათ ჯერ კიდევ არ იცნობ ამერიკელი მწერლის, ლუის სეკერის, ძალიან პოპულარულ საბავშვო რომანს მწვანე ტბის ბანაკი. მისი მთავარი გმირი, სტენლი, სწორედ ილნეტსების გვარის წარმომადგენელია, რომელიც მოზარდთა "გამოსასწორებელ კოლონიაში" ხვდება. სტენლი ყოველდღე ერთ ორმოს თხრის და ამასთან ერთად უამრავ უიღბლობასთან გამკლავება უხდება. 1998 წელს გამოცემული მწვანე ტბის ბანაკი დღემდე რჩება ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო წიგნად, რომელმაც უამრავი პრესტიჟული პრემია, მათ შორის, ნიუბერის მედალი მიიღო. 2003 წელს გამოვიდა ნაწარმოების მიხედვით დისნეის გადაღებული ფილმი ორმოები.

10. სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ზაფხულში თუ მდინარესთან ჩაგივლია, აუცილებლად გაიფიქრებდი, ნავი გყოლოდა და დინებას გაჰყოლოდი. გაგრილებასთან ერთად, ეს ხომ ტვინის "განიავების" საშუალებაცაა. სწორედ ამ მიზნით გაუყვება მდინარე თემზას სამი მეგობარი (ძაღლს თუ არ ჩავთვლით) — ჯორჯი, ჰარისი და ჯეი. გზადაგზა ისეთი ამბები გადახდებათ, რომ ეს ორკვირიანი მოგზაურობა მათ ცხოვრებაში ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.


არდადეგების დაწყებამდე თუ წიგნების მომარაგებას გადაწყვეტ, შეგიძლია სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტს ან წიგნის მაღაზიებს ეწვიო.