როგორ მივხვდეთ, რომ წყალი დაბინძურებულია — 8 ნიშანი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები თბილისში სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ. აღნიშნულს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი არ ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ წყლის ხარისხი მუდმივად კონტროლდება.
ასეა თუ ისე, თუკი წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეჭვი მაინც გეპარებათ, ყურადღება ამ ნიშნებს უნდა მიაქციოთ:
- წყალი ამღვრეულია — დასალევად უსაფრთხო წყალი გამჭვირვალე უნდა იყოს და არაფრის გემო არ უნდა ჰქონდეს. ამღვრეული წყალი საფრთხეს ყოველთვის არ მოასწავებს, თუმცა სხვადასხვა პათოგენისა თუ მავნე ქიმიკატის არსებობაზე ზოგჯერ მაინც მეტყველებს.
- წყლით დაბანის შემდეგ კანი ლორწოვანი ხდება, ნიჟარასა თუ სხვა ზედაპირებზე კი ნალექი რჩება — შესაძლოა, ეს წყალში კალციუმის ან მაგნიუმის მოჭარბებაზე მეტყველებდეს. კალციუმი და მაგნიუმი არ დაგაზიანებთ, თუმცა ეს ნიშნები სხვა მეტალების არსებობაზეც შეიძლება მიანიშნებდეს.
- ყვითელი, ნარინჯისფერი ან ყავისფერი შეფერილობა — სიყვითლე წყალში ექვსვალენტიანი ქრომის არსებობაზე შეიძლება მეტყველებდეს, კიბოს გამომწვევი ქიმიკატის. ამასთანავე, შეიძლება რკინის, მანგანუმის, სპილენძისა და ტყვიის დაგროვების ნიშანიც იყოს. ნარინჯისფერი ან ყავისფერი შეფერილობა ასევე შეიძლება მიანიშნებდეს რკინის, მანგანუმის ან ტყვიის მოჭარბებაზე; ასევე, ჟანგის არსებობაზე, რომელიც ბაქტერიების გამრავლებას შეუწყობს ხელს.
- მწვანე ან ლურჯი შეფერილობა — შესაძლოა, ეს მილების დაჟანგვისგან გამოწვეულ სპილენძის მოჭარბებაზე მეტყველებდეს. მცირე დოზით სპილენძი არ დაგაზიანებთ, თუმცა ჭარბი რაოდენობით მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამოწვევა შეუძლია.
- ქლორის სუნი — ეს წყალში მის მოჭარბებაზე მეტყველებს. ქლორს წყლის გასასუფთავებლად იყენებენ და ჩვენთვის სახიფათო არაა, თუმცა ორგანულ ნივთიერებებთან შერევისას მან საზიანო თანაპროდუქტები შეიძლება წარმოქმნას.
- ლაყე კვერცხის სუნი — ასეთი სუნის მქონე წყალი გოგირდწყალბადს შეიძლება შეიცავდეს, ანუ უფერო აირს, რომელიც, ჩვეულებრივ, გრუნტის წყლებში გვხვდება. კონკრეტული ბაქტერიების ზემოქმედებით იგი სულფატად გარდაიქმნება და გაუწყლოებისა თუ ფაღარათის გამოწვევა შეუძლია.
- თევზის სუნი — ამას ბარიუმის ან კადმიუმის მოჭარბება შეიძლება იწვევდეს. დასაშვებზე დიდი დოზით ორივე ქიმიკატს შეუძლია, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. თუ სუნის შემოწმება გსურთ, შეგიძლიათ ონკანიდან ჭიქაში წყალი ჩამოასხათ და სხვა ოთახში გახვიდეთ. თუკი მორევის შემდგომ იგი თევზის სუნს შეინარჩუნებს, სავარაუდოდ, საქმე დაბინძურებასთან გვაქვს.
- მეტალის გემო — მილების დაჟანგვის შედეგად, შესაძლოა, წყალში სხვადასხვა მეტალი გამოიყოს: რკინა, მანგანუმი, თუთია, სპილენძი და ტყვია. შედეგად წყალი მეტალურ ანდა მლაშე გემოს იძენს და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობს თვალით უხილავი დამაბინძურებელი ნივთიერებებიც. მაგალითისთვის, დარიშხანისა და სხვადასხვა ნიტრატის დანახვას ვერ შევძლებთ. შესაბამისად, ამ დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შეფასებაც რთულია.
საბოლოო ჯამში, წყლის ხარისხის ზუსტად დასადგენად ლაბორატორიული ტესტირება საუკეთესო გამოსავალია.
კომენტარები