ჯეიმს ვების ტელესკოპმა სატურნის მთვარეზე უზარმაზარი გეიზერი აღმოაჩინა, რომელიც წყალს კოსმოსში აფრქვევს
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით, მეცნიერებმა სატურნის ყინულოვან მთვარე ენცელადზე უზარმაზარი გეიზერი დააფიქსირეს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, კოსმოსში აფრქვევს წყლის ორთქლს. სავარაუდოდ, ეს გეიზერი უამრავ ქიმიურ ინგრედიენტს შეიცავს, რომელიც სიცოცხლის წარმოქმნისა თუ შენარჩუნებისთვის აუცილებელია.
JWST-ის დახმარებით, 2022 წლის ნოემბერში გაკეთებული ეს აღმოჩენა მეცნიერებმა დეტალურად განიხილეს 17 მაისს, Space Telescope Science Institute-ში, ბალტიმორში გამართულ კონფერენციაზე. სამეცნიერო სამყარო შესაბამისი ნაშრომის გამოქვეყნების მოლოდინშია.
Nature.com-ის ცნობით, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის პლანეტარულმა ასტრონომმა, სარა ფაგიმ კონფერენციაზე გეიზერს თვალუწვდენელი უწოდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ენცელადიდან კოსმოსში გამოტყორცნილი წყლის ჭავლი მის დიამეტრს აჭარბებს. სატურნის ამ მთვარის დიამეტრი კი დაახლოებით 504 კილომეტრია.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ენცელადზე წყლის გეიზერი დაფიქსირდა. თუმცა, ჯეიმს ვების ტელესკოპის ახალმა შესაძლებლობებმა ანუ გაფართოებულმა ხედვამ და მაღალმა მგრძნობელობამ მოგვცა ამ ფენომენის უკეთ დაფიქსირებისა და შესწავლის შანსი. ახალი აღმოჩენა აჩვენებს, რომ ენცელადიდან ამოფრქვეული წყლის ჭავლი კოსმოსში უფრო შორს გამოიტყორცნება, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
მეცნიერებმა ენცელადის გეიზერების შესწავლა 2005 წლიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც კოსმოსურმა ხომალდმა — Cassini სატურნის ამ მთვარეზე ყინულის ნაწილაკების ამოტყორცნა დააფიქსირა. NASA-ს მიხედვით, ეს ამოფრქვევები იმდენად ძლიერია, რომ მათი მეშვეობის კოსმოსში გამოსროლილი ეს მასალა სატურნის ერთ-ერთ რგოლსაც კი ქმნის.
წლების განმავლობაში, ანალიზებმა აჩვენა, რომ ჭავლი შეიცავს მეთანს, ნახშირორჟანგსა და ამიაკს — ორგანულ მოლეკულებს, რომლებიც სიცოცხლის წარმოქმნისთვის აუცილებელი ქიმიური საშენი მასალის ნაწილია. მეტიც, შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ ამ ნივთიერებების ნაწილი სიცოცხლის ფორმების მიერაა გამოყოფილი. ამაზე გასულ წელს, The Planetary Science Journal-ში გამოქვეყნებული კვლევა მიანიშნებს.
ენცელადზე სიცოცხლის შესაძლო არსებობაზე საუბრისას იქ წყლის დაფიქსირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია. სატურნის ეს მთვარე დაფარულია ყინულის სქელი ფენით, თუმცა მთვარის ბრუნვის გაზომვებით მიღებული მონაცემები მიანიშნებს, რომ მისი ყინულოვანი ქერქის ქვეშ უზარმაზარი ოკეანეა მოქცეული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ JWST-ისა და Cassini-ის მიერ აღბეჭდილი წყლის გეიზერები სწორედ ამ ოკეანის ფსკერზე მიმდინარე ჰიდროთერმული პროცესების შედეგია. ეს ჰიპოთეზაა, რომელსაც ამყარებს ენცელადზე სილიციუმის დიოქსიდის აღმოჩენა.
NASA-ს მეცნიერები განიხილავენ მომავალ მისიებს, რომელიც ენცელადზე სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენაზე იქნება ორიენტირებული. მათ შორის ერთ-ერთი მისიის ინსტრუმენტი, Enceladus Orbilander, სატურნის მთვარეს ექვსი თვის განმავლობაში შემოუფრენს და ნიმუშებს შეაგროვებს. ამის შემდეგ ხომალდი სატურნის ყინულოვანი მთვარის ზედაპირზე დაეშვება. The Planetary Society-ის ცნობით, Orbilander-ს ექნება ინსტრუმენტები მოლეკულების ანალიზისთვის, ასევე დნმ-ის სექუენირებისთვის საჭირო ინსტრუმენტი და მიკროსკოპი. გარდა ამისა, ის აღჭურვილი იქნება კამერებით, ლაზერებით, იმისათვის, რომ დისტანციიდანაც შეძლოს ენცელადის ზედაპირის სკანირება.
სხვა მისია, რომელიც ენცელადზე იგეგმება იქ ავტონომიური რობოტი გველის გაგზავნას გულისხმობს, იმისათვის რომ მან ზედაპირის ქვეშ, ყინულში ჩამალულ ოკეანეში ჩააღწიოს.
ასევე იხილეთ: NASA რობოტ გველს ცდის, რომელიც სატურნის თანამგზავრზე სიცოცხლის კვალს მოძებნის
კომენტარები