როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე? — რას გვეუბნება ახალი კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის შესაძლოა, 4 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ ვულკანურ აქტიურობას, პლანეტაზე ჩამოცვენილ მეტეორიტებს ან ორივე მათგანს შეეწყო ხელი, რომელთა მეშვეობითაც სათანადო ქიმიური რეაქციები დაიწყო. ამან, მეცნიერთა აზრით, ორგანული ნაერთები, ამინომჟავები, რნმ და დნმ წარმოშვა.
კერძოდ, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქიმიურ რეაქციებს, რომლებმაც ნახშირბადის მონოქსიდი და წყალბადი ნახშირწყალბადებად გარდაქმნა, ასევე უნდა განეპირობებინა სიცოცხლის "საშენი მასალის" ფორმირებაც. ამ ყველაფერში კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლითონის ნაწილაკებმა, როგორც კატალიზატორებმა.
ასეთი ნაწილაკები შესაძლოა, აქ სწორედ მეტეორიტების დახმარებით მოხვედრილიყო, მეორე პოტენციური წყარო კი ვულკანებია. ორივე ჰიპოთეზა მკვლევრებმა ექსპერიმენტულად გამოცადეს და დედამიწის ადრინდელი პირობებიც გაითვალისწინეს.
მათ დაადგინეს, რომ საკმარისი რაოდენობის კატალიზატორების მისაღებად ძალიან აქტიური ვულკანიზმი იქნებოდა საჭირო, ხოლო პლანეტა ამ პერიოდში ძალიან ცხელი უნდა ყოფილიყო, 150°C-ზე მეტი ტემპერატურით. ასევე, ამ დროს ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულზე მეტეორიტებთან და ასტეროიდებთან შეჯახება იშვიათობა არ ყოფილა, რისი ნაკვალევიც მთვარის მრავალრიცხოვანი კრატერებია.
რომელი იყო უფრო დომინანტური წყარო, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ორივე სცენარი დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნის საიდუმლოს ამოხსნასთან გვაახლოებს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები