მეცნიერებმა ჩვილთა უეცარი სიკვდილის (SIDS) შესაძლო მიზეზს მიაგნეს
მეცნიერებმა ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) მიზეზებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მიგნება გაგვიზიარეს: შესაძლოა, ჩვილებში ამის რისკს სეროტონინის რეცეპტორებთან დაკავშირებული ანომალია იწვევდეს სხვა ფაქტორებთან კომბინაციაში. ნაშრომი გამოცემაში Journal of Neuropathology & Experimental Neurology გამოქვეყნდა.
SIDS ერთ წლამდე ასაკის ბავშვის მოულოდნელ, აუხსნელ სიკვდილს ნიშნავს. ეს, როგორც წესი, ძილის დროს ხდება და წინ რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა არ უძღვის. მიუხედავად არაერთი კვლევისა და მნიშვნელოვანი მიგნებისა, სინდრომის მიზეზი საბოლოოდ მაინც უცნობია.
ასევე იხილეთ: სიზმრების ჰიპოთეზა: რა იწვევს ახალშობილების უეცარ სიკვდილს?
ახალი ნაშრომის ავტორებმა 70 მკვდარი ჩვილის თავის ტვინის ღეროს ქსოვილები შეაგროვეს. აქედან 58 SIDS-ით დაიხოცა, დანარჩენი 12 კი — სხვა მიზეზებით.
ქსოვილების შედარებისას განსხვავებები რეცეპტორებთან სეროტონინის დაკავშირების კუთხით შენიშნეს. სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალების გზავნაზეა პასუხისმგებელი და არაერთ ბიოლოგიურ პროცესს არეგულირებს — განწყობასა და ძილსაც, მათ შორის.
იგივე რეცეპტორები, 5-HT2A/C რეცეპტორები, მღრღნელებში გამოღვიძებასა და ავტორეანიმაციას უკავშირდება. შესაბამისად, შესაძლოა, ძილის დროს დამცავი ფუნქცია ჰქონდეს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ აღნიშნულ რეცეპტორებთან სეროტონინის დაკავშირების პროცესი SIDS-ით დახოცილ ბავშვებში განსხვავებული იყო. შესაძლოა, სწორედ ეს ანომალია იწვევდეს იმ სასიცოცხლო სისტემების შეფერხებას, რომლებიც ჯერაც ჩამოუყალიბებელ ტვინში ჟანგბადის ნაკლებობისას მისი რაოდენობის აღდგენაზე აგებს პასუხს.
მკვლევართა გუნდი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, მსგავსი ბიოლოგიური მოწყვლადობა სხვა ფაქტორებთან (ძილის პოზა, ასაკი და სხვ.) კომბინაციაში SIDS-ის რისკს ზრდიდეს.
ამერიკის პედიატრიის აკადემია გვირჩევს, რომ საფრთხეების შემცირების მიზნით ჩვილი ზურგზე უნდა დავაწვინოთ სწორ ზედაპირზე და მასთან ერთ საწოლში დაძინებას მოვერიდოთ. დამატებით ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით, ამას გარდა კი, ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ სამომავლოდ მიგნებები SIDS-ის რისკების განსაზღვრაში დაგვეხმარება.
კომენტარები