სიზმრების ჰიპოთეზა: რა იწვევს ახალშობილების უეცარ სიკვდილს?
"შესაძლო ახსნა ის არის, რომ ჩვილს ესიზმრება ის პერიოდი, როდესაც იგი ნაყოფი იყო და სუნთქვა არ უწევდა. სიზმრის შესაბამისმა ფიზიკურმა პასუხმა კი შეიძლება ახალშობილს სუნთქვა შეაწყვეტინოს და სიკვდილი გამოიწვიოს."
2020 წელს, თითქმის, 2 800-მა ამერიკელმა მშობელმა გამოცადა ახალშობილის დაკარგვა: ჩვილები მოულოდნელად დაიხოცნენ ღამით, ყოველგვარი მკაფიო მიზეზის გარეშე. ასეთ შემთხვევას ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) ეწოდება.
რიჩარდ გოლდშტეინმა, SIDS-ის წამყვანმა მკვლევარმა და პედიატრიული პალიატიური მზრუნველობის სპეციალისტმა ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში, BBC-ს განუცხადა, რომ SIDS-ი არ არის კონკრეტული რამ, არამედ იგი უბრალო "აღმწერია":
"ის აღწერს შედეგს. და ეს შედეგი არის ის, რომ ჩვილს, ერთი შეხედვით, მშვიდად სძინავს, მაგრამ ძილის დროს კვდება აშკარა მიზეზის გარეშე."
წარმოდგენა არ გვაქვს, რა იწვევს SIDS-ს
არც ჩვენ და არც SIDS-ის ამჟამინდელ კვლევებს, წარმოდგენა არ გვაქვს SIDS-ის გამომწვევ მიზეზებზე. მარტივად რომ ვთქვათ, მეცნიერებმა არ იციან, რატომ იხოცებიან ჩვილები ძილში. წამყვანი თეორიის მიხედვით, სახელწოდებით "სამმაგი რისკის მოდელი", ეს ხდება მაშინ, როდესაც სამი ძირითადი ფაქტორი ერთდროულად კმაყოფილდება:
- ჩვილს აქვს ანომალია (მაგალითად, ტვინის ღეროს ანომალია), რომელიც მას უუნაროს ხდის, უპასუხოს ორგანიზმში ჟანგბადის დაბალ ან ნახშირორჟანგის მაღალ დონეს;
- ჩვილს სძინავს პირუკუ;
- ჩვილი განვითარების მოწყვლად სტადიაზეა, ანუ სიცოცხლის პირველ 6 თვეში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვილები ძილის დროს ხანდახან განიცდიან ჟანგბადის დაბალ ან ნახშირორჟანგის მაღალ დონეებს ორგანიზმში. ჩვეულებრივი ახალშობილები ასეთ დროს იღვიძებენ, იცვლიან პოზიციას და იწყებენ უფრო სწრაფად სუნთქვას ორგანიზმის ნახშირორჟანგისგან გასაწმენდად და ჟანგბადით შესავსებად, თუმცა ჩვილების ნაწილი აღარასდროს იღვიძებს.
სიზმრების ჰიპოთეზა
მაგრამ, თითქმის, სამი ათეული წელია, არსებობს კიდევ ერთი, გაცილებით ნაკლებად ცნობილი ჰიპოთეზა, რომელიც კურტინის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ჯორჯ ქრისტოსმა, გააჟღერა. ჰიპოთეზის მიხედვით, სიზმრები, შესაძლოა, იწვევს SIDS-ს. როგორც ქრისტოსმა 1993 წელს აღნიშნა:
"შესაძლო ახსნა ის არის, რომ ჩვილს ესიზმრება ის პერიოდი, როდესაც იგი ნაყოფი იყო და სუნთქვა არ უწევდა. სიზმრის შესაბამისმა ფიზიკურმა პასუხმა კი შეიძლება ახალშობილს სუნთქვა შეაწყვეტინოს და სიკვდილი გამოიწვიოს."
ქრისტოსმა თავისი მოსაზრება მრავალი მტკიცებულებით დაასაბუთა. პირველ რიგში, მან აღნიშნა, რომ ადამიანები რეგულარულად იმეორებენ თავიანთი სიზმრების შინაარსებს რეალურ ცხოვრებაში. მაგალითად, როდესაც ადამიანი სიზმარში შარდავს, ასეთ დროს, შესაძლოა, საწოლიც დაასველოს. მან ასევე მოიხმო სტენფორდის სიზმრების კვლევა, რომლის მიხედვითაც, როდესაც კონკრეტულ სუბიექტს წყალქვეშ ცურვა ესიზმრებოდა, იგი რეალურ ცხოვრებაშიც იკავებდა სუნთქვას.
ქრისტოსის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები და მოზარდები, თითქმის, ყოველთვის იღვიძებენ, როდესაც სიზმრებიდან რომელიმე ქმედება რეალობაში შემოიჭრება, ზოგიერთ ახალშობილს, იმავეს გასაკეთებლად, შეიძლება არ გააჩნდეს ნეირონული სქემა. ამ სქემის გარეშე, ჩვილი, რომელიც ხედავს სიზმარს საშვილოსნოში ყოფნის შესახებ — როდესაც არ სუნთქავდა — შეიძლება დაიღუპოს, თუკი სიზმარი რეალობაში გადმოვა ქმედების სახით.
ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანს აწუხებს REM ძილის ქცევითი დარღვევა, რომლის დროსაც მათ რეგულარულად გადმოაქვთ სიზმრის შინაარსი რეალობაში თვალის სწრაფი მოძრაობისას ძილის დროს, როდესაც სხეული, ჩვეულებრივ, პარალიზებულია. ჩვილები დღეში, დაახლოებით, 8 საათს ატარებენ REM ძილში, მაშინ როცა მოზრდილებში იგი მხოლოდ 2 საათის განმავლობაში გრძელდება. ადრეულ პერიოდში, როდესაც საშვილოსნოზე მოგონებები ჭარბობს, შესაძლებელია, რომ ახალშობილებმა, რომლებსაც აქვთ REM ძილის დარღვევა, სიზმრის ნახვის დროს შეწყვიტონ სუნთქვა. როდესაც ჩვილები იზრდებიან, ეს მოგონებები ქრება, რაც ამცირებს SIDS-ის შანსს. SIDS ნაკლები შანსია მას შემდეგ, რაც ჩვილები მიაღწევენ ორი თვის ასაკს.
შეიძლება მიზეზი ვერასდროს გავიგოთ
ქრისტოსის ჰიპოთეზაში ინტუიციური ლოგიკა დევს და მის მხარდასაჭერად საკმაო რაოდენობის არაპირდაპირი მტკიცებულებებიც მოჰყავს, თუმცა, სავარაუდოდ, მისი აზრები სამუდამოდ ჰიპოთეზად დარჩება, რადგან არ არსებობს მათი გამოცდის რაიმე ეთიკური გზა. ჩვენ ვერ დავაკვირდებით ათასობით ჩვილს ასობით ღამის განმავლობაში EEG ტვინის სკანერებით, რათა გავარკვიოთ, რომელი მოკვდება REM ძილის დროს. ეს ექსპერიმენტი უბრალოდ არაეთიკური იქნებოდა.
ამის ნაცვლად, ჰიპოთეზა უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ SIDS-ის სხვა თეორიებთან ერთად და გამოვიყენოთ როგორც სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ეს სინდრომი. ქრისტოსმა ასევე გასცა რჩევები იმის შესახებ, რომ ჩვილებს უნდა ეძინოთ ზურგზე და არა მუცელზე, რადგან როდესაც მათ მუცელზე სძინავთ, ისინი მიდრეკილნი არიან ნაყოფის მდგომარეობაში შესვლისკენ, რამაც, შესაძლოა, უფრო მეტად გამოიწვიოს სიზმარი, რომლის მიხედვითაც, ისინი საშვილოსნოში არიან. ქრისტოსის თქმით, უმჯობესი იქნება, თუკი მშობლები ახალშობილებს ტანსაცმელს ჩააცმევენ და ამყოფებენ გარემოში, რომელიც არ არის ზედმეტად თბილი, რადგან უხვი სითბო ჩვილებისთვის, შესაძლოა, საშვილოსნოსთან ასოცირდებოდეს.
ეს რეკომენდაციები ემთხვევა პედიატრების ამერიკული აკადემიის მითითებებს. ჩვილები უნდა იწვნენ ზურგზე ზედმეტი ტანსაცმლისა და საბნების გარეშე, რომლებსაც მათი გადახურება ან დახრჩობა შეუძლია. როგორც ამბობენ, ამ რეკომენდაციებმა დღეისათვის 90-მდე შეამცირა 1990 წელს 100 000 ჩვილიდან 155-ის დაღუპვის მაჩვენებელი.
და მაინც, თუკი ქრისტოსის ჰიპოთეზა ჭეშმარიტია, რას ნიშნავს ეს ჩვილებისთვის? თავად ქრისტოსის თქმით, ჰიპოთეზის მართებულობის შემთხვევაში, "არ არსებობს რაიმე სასწაულებრივი მკურნალობა ან ვაქცინა SIDS-ისთვის, რადგან სიზმრები ჩვილების განვითარების განუყოფელი ნაწილია".
კომენტარები