აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომლის ზედაპირიც შესაძლოა, ვულკანებით იყოს დაფარული
მეცნიერებმა, კოსმოსური ტელესკოპების Spitzer და TESS გამოყენებით, ჩვენგან დაახლოებით 90 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლის მთლიან ზედაპირსაც შესაძლოა, ვულკანები ფარავდეს.
აღნიშნული ციური სხეული LP 791-18 d-ის სახელითაა ცნობილი და წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება. ის დედამიწას ზომით ოდნავ აღემატება, მასზე მეტად მასიურია და შესაძლოა, ვულკანურად უფრო აქტიურიც იყოს. მისი ერთი მხარე ყოველთვის მნათობისკენაა შებრუნებული, ამიტომ იქ ძალიან მაღალი ტემპერატურა იქნება იმისთვის, რომ წყალი თხევად მდგომარეობაში არსებობდეს. სამაგიეროდ, არაა გამორიცხული, რომ ვულკანების წყალობით ამ ეგზოპლანეტაზე ატმოსფერო იყოს შენარჩუნებული და მეორე, შედარებით ცივ ნახევარსფეროში წყლის კონდენსირებას განაპირობებდეს.
ამ სისტემაში კიდევ 2 ეგზოპლანეტაა: LP 791-18 b და c. პირველი ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს გადაადგილდება და დედამიწაზე დაახლოებით 20 პროცენტით დიდია. მეორე ჩვენს პლანეტაზე 2.5-ჯერ განიერი და სულ მცირე 7-ჯერ მასიურია. ეს ციური სხეულები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მოძრაობს, ამიტომ მათთან გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად LP 791-18 d-ის ორბიტა ელიფსურია.
ვარაუდობენ, რომ ასეთ ელიფსურ ტრაექტორიაზე გადაადგილებისას ეს ეგზოპლანეტა დეფორმაციას განიცდის, რაც შიდა ხახუნს იწვევს, რომელიც ზედაპირზე ვულკანურ აქტიურობას ედება საფუძვლად. საინტერესოა, რომ სწორედ მსგავსი ზემოქმედება აქვს იუპიტერსა და მის ირგვლივ არსებულ რამდენიმე ობიექტს თანამგზავრ იოზე.
LP 791-18 d-ის ვულკანიზმის გამო იქ სიცოცხლის მიკვლევა ნაკლებადაა მოსალოდნელი, მაგრამ ის ატმოსფეროების ფორმირებისა და ევოლუციის შესასწავლად საინტერესო სამიზნეა. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები