ძაღლების ტვინის ზომა მოულოდნელად გაიზარდა — კვლევა
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ბოლო 150 წელში ძაღლების ტვინის ზომა, სხეულთან შედარებით, გაიზარდა. ეს მოულოდნელია, რადგან მოშინაურებული ცხოველების ტვინი, როგორც წესი, პირიქით, პატარავდება, რადგან მათ გადარჩენისთვის ზედმეტი ენერგია აღარ სჭირდებათ.
სპეციალისტებმა 159 ჯიშის ძაღლისა და მგლის თავის ქალა გააანალიზეს. ამ უკანასკნელის ტვინი ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისას ზომით 24 პროცენტით აღემატება, მაგრამ ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო მეტად განსხვავდებოდა გენეტიკურად ძაღლი მგლისგან, მით უფრო დიდი ტვინი ჰქონდა მას.
ეს მიანიშნებს, რომ ამ არსებებში, ადამიანთა მიერ მოშინაურების შემდეგ, ხსენებულ ორგანოში გამრავლებასთან, საკვების მოპოვებასთან და თავდაცვასთან დაკავშირებული ნაწილები დაპატარავდა, თუმცა უკანასკნელ ათწლეულებში კოგნიტიურ უნარებთან ასოცირებული არეალები გაიზარდა.
"ამა თუ იმ ჯიშის ძაღლები სხვადასხვა სოციალურ გარემოში ცხოვრობენ და რთულ დავალებებს ართმევენ თავს, რასაც, სავარაუდოდ, ტვინის უფრო დიდი მოცულობა სჭირდება", — აცხადებენ ავტორები.
ამის მიუხედავად, ტვინის ზომა არა შესრულებული დავალებების სირთულეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ან სხვა ფაქტორებზე, არამედ მგლებისგან გენეტიკურ განსხვავებაზე აღმოჩნდა პროპორციულად დამოკიდებული.
"იქნებ, ეს ცვლილება რთულმა სოციალურმა გარემომ, ურბანიზაციამ და მეტ წესთან თუ მოლოდინთან ადაპტაციამ გამოიწვია და ყველა თანამედროვე ჯიშზე აისახა", — ვარაუდობენ მეცნიერები.
ეს ე.წ. სოციალური ტვინის ჰიპოთეზას შეესაბამება, რომლის თანახმადაც, დიდი ტვინი რთულ სოციალურ გარემოზე მოსარგებად ყალიბდება. ამ საკითხზე მეტის გასაგებად, მკვლევრები გეგმავენ, რომ ამჯერად ძაღლების ტვინის სხვადასხვა რეგიონის ზომა შეადარონ ერთმანეთს.
მათი ნაშრომი გამოცემაში Evolution გამოქვეყნდა.
კომენტარები