ასტრონომებმა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში 2 სუპერდედამიწა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა ჩვენგან დაახლოებით 137 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავ TOI-2095-ის სასიცოცხლო ზონაში სუპერდედამიწის ტიპის 2 ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ეს ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი წითელი ჯუჯა მნათობის გარშემო ისეთ რეგიონში გადაადგილდება, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ წითელი ჯუჯები ყველაზე გავრცელებული ვარსკვლავებია, რომლებიც მზეზე ნაკლებად მცხუნვარეა. ამის გამო მათ ირგვლივ სიცოცხლისთვის თავსებადი ზონა უფრო ახლოს მდებარეობს, თუმცა ასეთ ობიექტებს მძლავრი ამოფრქვევები ახასიათებს, რაც პლანეტათა ატმოსფეროებს უნდა ანადგურებდეს. შესაბამისად, უცნობია, რამდენად შეიძლება, რომ ამგვარი მნათობების სისტემებში არსებულ ციურ სხეულებზე თხევადი წყალი შენარჩუნდეს.
ამის გარკვევაში სწორედ ახალაღმოჩენილის მსგავსი ეგზოპლანეტები გვეხმარება. ესაა TOI-2095 b და TOI-2095 c. პირველი მათგანი ვარსკვლავთან უფრო ახლოსაა და მის გარშემო მოძრაობას სულ რაღაც 17.7 დღეს ანდომებს. ის დედამიწაზე 1.39-ჯერ განიერი და 4.1-ჯერ მასიურია.
მეორე ციური სხეულის ორბიტული პერიოდი 28.2 დღეა. მისი დიამეტრი ჩვენი პლანეტისას 1.33-ჯერ აღემატება, მასა კი — 7.5-ჯერ. ორივე მათგანზე ზედაპირის სავარაუდო ტემპერატურა 24-74°C-ია.
ეს ეგზოპლანეტები მეცნიერებმა კოსმოსური ტელესკოპის TESS მეშვეობით დააფიქსირეს. ისინი ვარსკვლავის დისკოს წინ მათი ჩავლისას სიკაშკაშის ცვლილებას დააკვირდნენ და ამაზე დაყრდნობით ობიექტთა მახასიათებლები დაადგინეს. სპეციალისტები დამატებითი მონაცემების მოპოვებას გეგმავენ, რათა TOI-2095 b-ისა და TOI-2095 c-ს ზუსტი მასა და სიმკვრივე გამოთვალონ. ეს ავტორებს იმის განსაზღვრაში დაეხმარება, რამდენად შეძლო ამ ეგზოპლანეტებმა ატმოსფეროს შენარჩუნება.
მათი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები