შორეულ კოსმოსში დაფიქსირდა უმძლავრესი აფეთქება, რომელიც 2 წელია, გრძელდება
ასტრონომებმა ჩვენგან 8 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე მძლავრი კოსმოსური აფეთქება დააფიქსირეს, რომლის ენერგიაც დაახლოებით 100-ჯერ აღემატება მზის მიერ მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში გამოყოფილს.
ამ მოვლენას AT2021lwx ეწოდება და მისთვის დამახასიათებელი სინათლე 2 წელზე მეტია, ხილულია. ეს აფეთქება მაშინ მოხდა, როცა სამყარო 6 მილიარდი წლის იყო. ასევე, საინტერესოა, რომ ის 10-ჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე ნებისმიერი ზეახალი ვარსკვლავი.
მეცნიერთა აზრით, საქმე, სავარაუდოდ, ზემასიური შავი ხვრელის მიერ მზეზე ბევრად დიდი წყალბადის ღრუბლის შთანთქმასთან უნდა გვქონდეს.
ამ დროს დარჩენილ ცხელ აირში ზემოხსენებული პროცესის შედეგად გამოყოფილი მძლავრი ტალღები გადაადგილდება, რაც აფეთქებას უწყობს ხელს, რომელიც ძალიან კაშკაშაა. მისი სინათლე სპეციალისტებმა ორი ტელესკოპის: Zwicky Transient Facility-ისა და Asteroid Terrestrial-impact Last Alert System (ATLAS)-ის მეშვეობით შეისწავლეს.
შავი ხვრელები მასიური ვარსკვლავების კოლაფსისას წარმოიქმნება. თითოეული მათგანი გარემომცველი აირით, მტვრითა თუ მნათობებით იკვებება, ზოგჯერ კი მათ აკრეციულ დისკოში არსებული მატერია ცხელდება და საოცრად კაშკაშებს. ასეთი ობიექტებია კვაზარები, მზეზე მრავალ მილიარდჯერ მასიური შავი ხვრელები, თუმცა მათი "ანთებები" AT2021lwx-ის მსგავსად ხანგრძლივი არაა.
მეცნიერები მეტის გასაგებად ამ მოვლენას უფრო დეტალურად იკვლევენ და იმედოვნებენ, რომ გაიგებენ, რამ გამოიწვია ის. მათი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები