რას ხედავს თაგვი — AI-ის ახალი სისტემა მღრნელების ტვინის სიგნალებს შიფრავს
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ხელოვნური ინტელექტისა და MRI სკანიერების გამოყენებით აზრების გაშიფვრა უკვე შეუძლიათ, ეს სფერო მაინც ახალია. შესაბამისად, ჯერ კიდევ შორს ვართ ისეთი ტექნოლოგიის შემუშავებისგან, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ ის, თუ რას ხედავენ სხვა ადამიანები.
თუმცა, არასდროს თქვათ არასდროს. . . და აი ახლა, შვეიცარიელი მეცნიერთა ჯგუფი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ამ შესაძლებლობას.
ლოზანაში, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის (EPFL) მკვლევრებმა თაგვს შავ-თეთრი ფილმი "აყურებინეს" და შემდგომში, ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებით, აღადგინეს ის, რაც ცხოველმა იხილა.
ალგორითმს CEBRA ეწოდება და ტვინიდან ჩაწერილი მონაცემების გამოვლენა შეუძლია. ეს მოიცავს რთულ ინფორმაციას, მათ შორის იმას თუ რა დაინახა თაგვმა.
"ეს ნამუშევარი გვაახლოებს ისეთი ალგორითმების შემუშავებასთან, რომლებიც ნეიროტექნოლოგიაში მნიშვნელოვნად წინ წაგვწევენ. საუბარია მაღალი ხარისხის BMI-ზე (ტვინი-მანქანა-ინტერფეისები)", — თქვა მაკენზი მატისმა, EPFL-ის ნეირომეცნიერმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
მატისმა თავის გუნდთან ერთად კვლევისთვის ცხოველები გამოიყენა. ისინი აკვირდებოდნენ 50 თაგვის ტვინის აქტივობას 30 წამიანი ფილმის ყურებისას. მათ თაგვებს ვიდეო ცხრაჯერ "აყურებინეს". ამის შემდეგ, მკვლევრებმა შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამა — CEBRA, რათა ტვინის მონაცემები ვიდეოსთან დაეკავშირებინათ.
CEBRA-მ ტვინის აქტივობა აქტიურად შეისწავლა. ის კარგად მუშაობს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც ვიზუალის აღქმასთანაა დაკავშირებული. ეს იმის გათვალისწინებით, რომ თაგვებში ტვინის ეს არე დაახლოებით 0,5 მილიონი ნეირონისგან შედგება.
საბოლოოდ, გუნდმა პროგრამა ვიდეოსთან დააკავშირა. მკვლევრებს აინტერესებდათ რამდენად შეძლებდა პროგრამა კადრების პროგნოზირებას. მას ეს თაგვის ტვინის აქტივობის მონაცემების გამოყენებით უნდა შეესრულებინა. მკვლევრებმა დეკოდირების 95%-ზე მეტ სიზუსტეს მიაღწიეს.
"CEBRA-ს მიზანი კომპლექსურ სისტემებში სტრუქტურის გამოვლენაა. იმის გათვალისწინებით, რომ ტვინი ურთულესი სტრუქტურაა, ეს მარტივი ნამდვილად არ არის. CEBRAS-ს შეუძლია განსაზღვროს, თუ როგორ ამუშავებს ტვინი ინფორმაციას. ტექნოლოგია შეიძლება იყოს პლატფორმა ნეირომეცნიერებაში ახალი პრინციპების აღმოსაჩენად", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები