რამდენ ხანს ცოცხლობდნენ დინოზავრები? — მეცნიერების პასუხი
ფოტო: Anthony Hutchings
დღეს დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი არსება ლურჯი ვეშაპია. ცხოველის სიგრძე 33.5 მეტრია, თავად კი 150 ათას კილოგრამზე მეტს იწონის. საინტერესოა, რომ იგი ყველაზე დიდი არსებაა მათ შორისაც, რასაც კი ოდესმე უარსებია ჩვენს პლანეტაზე. მიუხედავად ამისა, ხმელეთის შემთხვევაში ზომით პირველ ადგილს დინოზავრები იკავებენ.
შეიძლება ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, რამდენ ხანს ცოცხლობდნენ დინოზავრები. აღმოჩნდა, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა ცხოველებთან შედარებით საკმაოდ მოკლე იყო. მაგალითად, დღეს ზოგი კუ 100 წელზე დიდხანსაც კი ცოცხლობს.
ხმელეთზე ყველაზე დიდი ცხოველი პატაგოტიტანი (Patagotitan mayorum) იყო. პრეისტორიული გიგანტის სიმაღლე დაახლოებით 37 მეტრს უდრიდა, მასა კი — 70 ტონას. გამოდის, ერთი პატაგოტიტანი 10 სპილოს უდრის, რომელიც დღეს ხმელეთის ყველაზე დიდი ცხოველია.
ასევე იხილეთ: ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
"ზავროპოდებიც კი, სავარაუდოდ, მხოლოდ 30-35 წელი ცოცხლობდნენ. ეს დრო მაქსიმალურ ზომამდე მისაღწევად სჭირდებოდათ და, თუ ამას მოახერხებდნენ, შეიძლება რამდენიმე წლით მეტიც ეარსებათ. გამოდის, ყველაზე დიდი დინოზავრები, სავარაუდოდ, 40-50 წლამდე აღწევდნენ", — განაცხადა პროფესორმა პოლ ბარეტმა, ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევარმა — "პატარა დინოზავრები, მაგალითად ორნითოპოდები, სრულად გაზრდას 4-5 წელს ანდომებდნენ. სამიდან ოთხი წლის შემდეგ კი, თუ ძალიან არ გაუმართლებდათ, კვდებოდნენ".
როგორც მკვლევრები ამბობენ, ზოგიერთი დინოზავრი ძალიან სწრაფად იზრდებოდა, ეს კი სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.
"ასე რომ, ალბათ, ყველაზე დიდი დინოზავრებიც კი იშვიათად ცოცხლობდნენ 50 წელზე მეტს", — ამბობს ბარეტი — "ეს დიდი მოულოდნელობაა მკვლევრებისთვისაც კი, რადგან გვგონია, რომ ასეთი უზარმაზარი ცხოველი დიდხანს იცოცხლებდა. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ დღეს არსებული უზარმაზარი ცხოველები (ლურჯი ვეშაპები, სპილოები…) ადამიანივით 70 წელზე მეტხანს ცოცხლობენ. ზავროპოდების მსგავსი გიგანტებიც კი ამ დრომდე ვერ აღწევდნენ".
როგორც ჩანს, პრეისტორიული დედამიწა უმოწყალო ადგილი იყო. ნებისმიერი ცხოველი, რომელიც ასაკში შედიოდა, მტაცებლების სამიზნე მარტივად ხდებოდა. მიუხედავად ამისა, თუ ამასაც გადაურჩებოდა, სხვა მრავალი საფრთხე ელოდა.
"მრავალი საფრთხე არსებობდა, დაავადებები, უიღბლობა, მეხის დაცემა, ხის მოტეხა, წყალდიდობაში მოხვედრა", — თქვა ბარეტმა — "მაგრამ ცოცხალი არსებებისთვის სიკვდილის მთავარი მიზეზებია შიმშილი ან დეჰიდრატაცია, რაც საკვების ან წყლის უკმარისობით ხდება სეზონური გვალვების დროს; ასევე, გარკვეულწილად დაავადებები, მტაცებლები და სიბერე. როცა დრო გადის, ყველას უჭირს საკვების ღეჭვა და მონელება".
კომენტარები