უადრეს ტელესკოპურ დაკვირვებებზე ყველას გალილეო გალილეი ახსენდება, მაგრამ, შესაძლოა, ლინზაში მთვარე პირველად სულ სხვა მეცნიერს შეესწავლა. ეს ინგლისელი ასტრონომი ტომას ჰერიოტია, რომლის სახელიც საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.

მან ბუნების რამდენიმე კანონი ნიუტონამდე, დეკარტამდე და ლაიბნიცამდე აღმოაჩინა, თუმცა სამეცნიერო ნაშრომები არ გამოუქვეყნებია. სწორედ ჰერიოტს ეკუთვნის მთვარის პირველი დეტალური რუკები, რომლებიც გალილეოზე თვეებით ადრე შექმნა.

ტომას ჰერიოტი 1560 წელს დაიბადა. მან ოქსფორდის უნივერსიტეტი დაასრულა, შემდეგ კი მეზღვაურმა უოლტერ როლიმ კაპიტნებისთვის ასტრონომიისა და ნავიგაციის სასწავლებლად დაიქირავა. მეცნიერმა მასთან ერთად 1585 წელს ვირჯინიაში განხორციელებულ ექსპედიციაშიც მიიღო მონაწილეობა, აბორიგენ ალგონკინელთა ენა ისწავლა და მათი ცხოვრებაც აღწერა.

ტომას ჰერიოტი.

ფოტო: Wikimedia Commons

1590-იან წლებში მისი კვლევები ჰენრი პერსიმ დააფინანსა, რომელიც ნორტუმბერლენდის მეექვსე გრაფი იყო. ჰერიოტმა მათემატიკურ მიგნებებს ათასობით გვერდი მიუძღვნა, მაგრამ ისინი ისტორიკოსებს მისი სიკვდილიდან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არ გაუანალიზებიათ.

მეცნიერმა სხეულის ვარდნის კანონი გალილეოსგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა; ასევე, მთლიანად სიმბოლური ალგებრა შექმნა და მიიჩნევა, რომ დეკარტის ცნობილი თეორიების შთაგონებადაც იქცა.

ასტრონომს 1605 წლის "დენთის შეთქმულებასთან" გრაფისა და როლის კავშირის გამო მცირე ხნით ციხეშიც მოუწია ყოფნა. ამის შემდეგ მან მთლიანი ყურადღება ღამის ცას დაუთმო და 1609 წლის 26 ივლისს ტელესკოპში დანახული მთვარის რუკა შექმნა. შედარებისთვის, გალილეოს ასეთი ჩანახატები 1610 წლის პირველი ნახევრისაა. ამის მიუხედავად, ისტორიაში ამ უკანასკნელის სახელი ჩაიწერა, რადგან მან მთვარის დიაგრამები და იუპიტერის თანამგზავრებზე დაკვირვებები გამოაქვეყნა.

ჰერიოტს ეკუთვნის ტელესკოპით დანახული მზის ლაქების ყველაზე ადრეული ჩანახატებიც, რომლებიც 1610 წლის დეკემბრის თვით თარიღდება. აქაც მეცნიერი ნაშრომების გამოუქვეყნებლობის გამო გალილეიმ დაჯაბნა. რატომ არ ასაჯაროებდა ის თავის მიგნებებს, უცნობია. შესაძლოა, მიზეზი უსახსრობა ყოფილიყო.

მკვლევარი 1621 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ისტორიამ იგი ცოტა ხნით მიივიწყა. მისი ჩანაწერები 150 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, მაგრამ სპეციალისტებმა ეს შრომები სათანადოდ მხოლოდ მეოცე საუკუნეში შეისწავლეს — მაშინ, რომ გალილეოს სახელი უკვე ყველასთვის "პირველთან" ასოცირდებოდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.