ზოგი ჭრილობა ჩვენს სხეულზე ნაიარევს ტოვებს, რომელიც მუდმივია. მის გასაქრობად ძვირადღირებულ ლაზერულ მკურნალობას მიმართავენ ან სპეციალურ საცხებს იყენებენ. ამის მიუხედავად, ისინი კელოიდებს, ანუ კანიდან ამოწეულ ნაწიბურებს, ვერ შველის.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა მსგავსი შემთხვევებისთვის ექსპერიმენტული კრემი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც, შესაძლოა, ასეთი ნაიარევებს დავემშვიდობოთ. მათ მიერ გამოცემა Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებული ადრეული შედეგები იმედის მომცემია.

საუბარია პრეპარატ PXS-6302-ზე, რომლის ფორმულაც ბიოსამედიცინო კომპანია Syntara-ში შეიმუშავეს. მათ დააფინანსეს მეცნიერთა კვლევაც, რომლის მიზანიც პროდუქტის ეფექტიანობის შესწავლა იყო.

ადგილობრივი გამოყენების ახალი საცხის დანიშნულება კელოიდური ნაწიბურების "ჩაცხრომაა", რისთვისაც პრეპარატი ფერმენტ ლიზილ ოქსიდაზას თრგუნავს. ის კანის ქსოვილის შეხორცებაში მონაწილეობს და კოლაგენის სახელით ცნობილი ცილის ურთიერთშეკავშირებული სტრუქტურის წარმოქმნას უწყობს ხელს. სწორედ ამის შედეგად ფორმირდება ამოზნექილი ნაიარევები.

მკურნალობის შემდეგ მიკროსკოპული სისხლძარღვების მომატებული რაოდენობა.

ფოტო: Peijun Gong

მკვლევრებმა პირველი ფაზის კლინიკური ცდა ჩაატარეს, რომელშიც ძველი ნაიარევის მქონე 50-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი რამდენიმე ჯგუფად დაყვეს, რომელთაგანაც ზოგს პლაცებო დაუნიშნეს, ზოგს კი — ექსპერიმენტული კრემი. ორივე მათგანს რამდენიმე თვის განმავლობაში იყენებდნენ.

ბოლოს ავტორებმა ცდისპირების კანზე მოლეკულურ დონეზე გამოჩენილი ცვლილებები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ კვირაში სამჯერ კრემის წასმამ (პლაცებოსთან შედარებით) პრობლემურ ზონაში ლიზილ ოქსიდაზას აქტიურობა 66-ით შეამცირა. ასევე, იკლო კოლაგენის ინდიკატორ ჰიდროქსიპროლინის დონემ და ცილის მთლიანმა შემცველობამაც.

ეს ნიშნავს, რომ საცხი ნაჭრილობევზე მართლაც ზემოქმედებს. თუკი სამომავლო კვლევებიც წარმატებული იქნება, შესაძლოა, ინოვაციური სამკურნალო საშუალება მივიღოთ, რომელიც უამრავი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.