უჩვეულო ინსტრუმენტით დინოზავრის ხმა აღადგინეს — მოუსმინეთ
ფოტო: Soundsmack
წარმოიდგინეთ კონცერტი, რომლის განმავლობაშიც სპეციალური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღდგენილ პრეისტორიული ცხოველების ხმებს მოისმენთ. შესაძლოა, ეს ახალი შემოქმედებითი პროექტის ფარგლებში მოხერხდეს, რომელსაც "დინოზავრების ქორო" ეწოდება.
ფილმებში დინოზავრები ხშირად ღრიალის მსგავს ხმას გამოსცემენ. ამის მიუხედავად, მეცნიერული მონაცემები მიუთითებს, რომ მათ სულ სხვაგვარი ვოკალიზაცია ჰქონდათ. ის, სავარაუდოდ, ღმუილს, გრგვინვას, ღუღუნსა და ჭივჭივს მოიცავდა, რომელთაგანაც ზოგი თანამედროვე ფრინველებში გვხვდება.
"დინოზავრების ქოროს" პროექტის ავტორები მუსიკოსი კორტნი ბრაუნი და ინდუსტრიული დიზაინერი ცეზარი გაევსკი არიან. მათი მიზანი მუსიკალური ინსტრუმენტებით უძველესი ცხოველების ხმების გაცოცხლებაა. პირველი ასეთი პრეისტორიული არსება კორიტოზავრია, რომელიც გვიან ცარცულ პერიოდში ცხოვრობდა, მცენარეებით იკვებებოდა და თავზე თაღის ფორმის წანაზარდი ჰქონდა.
ფიქრობენ, რომ ეს დინოზავრი თავის წანაზარდში არსებულ საჰაერო გზებში აირის ნაკადებს უბერავდა და ასე დაბალი ტონალობის ძლიერ ხმებს გამოსცემდა. ამით ის შესაჯვარებლად მეწყვილეს უხმობდა ან მტაცებლების მოახლოების შესახებ სხვებს აფრთხილებდა.
მისი ვოკალიზაციის აღსადგენად განამარხებული თავის ქალების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სურათები გამოიყენეს. რომელთა მიხედვითაც ინსტრუმენტის სტრუქტურა შექმნეს. მოდელი სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდეს, ხოლო მასში ციფრული ხორხი და დინამიკი მოათავსეს. მასთან დაკავშირებული კამერა და მიკროფონი ვიბრაციებსა და მუსიკოსის პირის ფორმას აფიქსირებს, ამაზე დაყრდნობით კი ხმებს ცვლის.
მომდევნო ჯერზე სპეციალისტებს ანკილოზავრის ხმის გაცოცხლება სურთ, რომელსაც, როგორც ცნობილია, ფრინველთა მსგავსი ხორხი ჰქონდა.

კომენტარები