ასტრონომებმა სამყაროს პირველი ვარსკვლავების აფეთქებების კვალი დააფიქსირეს
სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპების შესასწავლად ასტრონომები ტელესკოპებით შორს იხედებიან და კოსმოსის წარსულს აკვირდებიან. ეს ეხმარებათ გაიგონ, მაგალითად, როგორი იყო ვარსკვლავთა პირველი პოპულაცია, რომელიც მოგვიანებით ფორმირებული მნათობებისგან განსხვავდებოდა.
ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა სწორედ ასეთი ვარსკვლავების აფეთქებების კვალი დააფიქსირეს.
"ისტორიაში პირველად, აირის შორეულ ღრუბლებში პირველ ვარსკვლავთა აფეთქებების შედეგად დარჩენილი ქიმიური კვალი დავაფიქსირეთ", — აცხადებენ ავტორები.
მათ ადრეულ სამყაროში არსებული აირის 3 ღრუბელი შეისწავლეს, რომელთა ქიმიური შემადგენლობაც პირველ მნათობთა დაბალენერგიული აფეთქებების სცენარს ემთხვევა. კერძოდ, შეიცავს ნახშირბადს, ჟანგბადს, მაგნიუმს და ძალიან მცირე ოდენობით რკინას, რაც სწორედ მსგავსი ზეახალი ვარსკვლავებისთვისაა დამახასიათებელი.
სპეციალისტები კვაზარებიდან მომავალ გამოსხივებას ძალიან დიდი ტელესკოპის მეშვეობით დააკვირდნენ და აირის ღრუბლებში მათი გავლისას სინათლის ნაკადებზე სხვადასხვა ქიმიური ელემენტის მიერ დატოვებული კვალი გააანალიზეს. რომ არა ადრეულ ვარსკვლავთა აფეთქებები, მათ შესახებ ასეთ ღირებულ ინფორმაციას ვერ მოვიპოვებდით. შესაბამისად, ეს ამ პოპულაციაზე არაპირდაპირი გზით მეტის გაგების საშუალებას გვაძლევს.
მათ ზეახლად ანთებისას კოსმოსში ისეთი ელემენტები გამოიყო, როგორიცაა ნახშირბადი, ჟანგბადი და მაგნიუმი, რომელიც მსგავს ობიექტთა გარეთა შრეებში გვხვდებოდა. ასეთი მოვლენებისას გარშემო სივრცეში გაფრქვეულმა მატერიამ ახალი ვარსკვლავების გაჩენას შეუწყო ხელი, ამიტომ კოსმოსის ევოლუციისთვის მნიშვნელოვანი იყო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები