როგორ მუშაობს "მუმიის წყევლა" — სამეცნიერო ახსნა
100 წლის წინ ინგლისელი არქეოლოგი ჰოვარდ კარტერი შევიდა ეგვიპტის ლეგენდარული ფარაონის, ტუტანხამონის, დალუქულ სამარხში და, როგორც პოპულარული მითი ამტკიცებს, გაათავისუფლა "მუმიის წყევლა".
უცნაურია, რომ მას შემდეგ, რაც გამოჩენილი ფიგურები და არქეოლოგები სამარხს ეწვივნენ, ზოგიერთი მათგანი დაიღუპა რამდენიმე დღის, კვირისა და თვის შემდეგ. სიკვდილის მიზეზი, ძირითადად, გულის შეტევა ან პნევმონია იყო. მაშინდელმა მედიამ კიდევ ერთხელ წამოჭრა "მუმიის წყევლის" საკითხი და მითი კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდა. მრავალი ათწლეულის შემდეგ კი მკვლევრებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, "წყევლა", შესაძლოა, სოკოვან ობს გამოეწვია.
მეცნიერებმა სავარაუდო "ეჭვმიტანილად" მიიჩნიეს სოკოვანი ობი Aspergillus flavus. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 1973 წელს კიდევ ერთი "მუმიის წყევლა" გათავისუფლდა. იმ წლის მაისში, ბუნების 12-მა დამცველმა გახსნა საფლავი პოლონეთის ცნობილი მეფის, კაზიმირ IV იაგელონისა, რომელიც მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა. 12 ადამიანიდან 10 მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში დაიღუპა.
მოგვიანებით, მიკრობიოლოგმა ბოლესლავ სმიკმა სამარხის მთელ ტერიტორიაზე იპოვა ზემოხსენებული A. flavus და ივარაუდა, რომ, შესაძლოა, სწორედ ის გახდა ადამიანების დაღუპვის მიზეზი. სოკოვანი სახეობები ადამიანებში ასპერგილოზის მეორე წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ეს პოტენციურად სასიკვდილო დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად აზიანებს დასუსტებული იმუნური სისტემის ფილტვებს. უფრო მსუბუქ შემთხვევებში, მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ანთება და სუნთქვის პრობლემები, მაგრამ მძიმე შემთხვევებში, სოკო შეიძლება გაიზარდოს ფილტვებში და გავრცელდეს მთელ სხეულში. 1998 წელს დოქტორმა სილვენ განდონმა, პარიზის ლაბორატორიის მკვლევარმა, აჩვენა, რომ სოკოს სპორები შეიძლება ასობით წლის განმავლობაში არსებობდეს და ინარჩუნებდეს დამღუპველ ძალას.
ეს კოლექტიური აღმოჩენები დაგვეხმარება მუმიის წყევლის მეცნიერული სურათის დახატვაში: იშვიათ შემთხვევებში, ასპერგილუსი შეიძლება გამრავლდეს მთელ სამარხში, გაიზარდოს შიგნით დარჩენილ მარცვლებზე ან თავად მუმიებზე, შემდეგ კი მოხვდეს ადამიანებზე, რომლებიც პირველები გახსნიან ასობით წლის განმავლობაში დალუქულ სამარხს. ხანდაზმულები და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირები იქნებიან ყველაზე მოწყვლადები და, შესაძლოა, განუვითარდეთ ფილტვის ინფექცია, რომელიც იწვევს სუნთქვის პრობლემებს და, საბოლოოდ, სიკვდილს. მეორე მხრივ, ჯანმრთელმა ადამიანებმა შეიძლება განიცადონ მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი ან სრულიად უვნებლები დარჩნენ.
2003 წელს მკვლევრებმა ლორდ კარნარვონის ცნობილი სიკვდილის შესახებაც სწორედ იგივე თეორია წამოაყენეს. კარნარვონი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ფარაონ ტუტანხამონის სამარხში შევიდა.
"ასპერგილუსის სპორები შეიძლება დარჩეს ინფიცირებული ადამიანების ფილტვებში დიდი ხნის განმავლობაში, სანამ გააქტიურდება", — წერდნენ ისინი და ამატებდნენ, რომ "1923 წლის 17 მარტს, ლონდონის The Times-ის მოხსენების მიხედვით, ლორდ კარნარვონს აწუხებდა 'ტკივილი, რადგან ანთება გავლენას ახდენდა ცხვირისა და თვალების სადინარებზე'." ეს აღწერა შეესაბამება ინვაზიურ ასპერგილუს სინუსიტს ორბიტაზე ლოკალური გაფართოებით.
"ლორდ კარნარვონს, შესაძლოა, ჩაესუნთქა დაბინძურებული მტვერი, როდესაც დალუქული საფლავი გატეხეს. 1901 წელს ავტოავარიის შემდეგ, მას ჰქონდა გულმკერდის მრავალი ინფექცია და განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებოდა ტოქსიკური ობის მიმართ. მართლაც, ამ გაზრდილმა მგრძნობელობამ შეიძლება ახსნას, თუ რატომ არ დაიღუპნენ სხვა ადამიანები იმავე ინფექციით დაავადებისას", — დაასკვნეს მათ.
გასულ თვეში მექსიკელმა ექსპერტებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ 1800-იანი წლების მუმიების გამოფენას შეიძლება საფრთხე შეექმნა მაყურებლებისთვის, რადგან ერთ-ერთ გვამზე სოკოვანი წარმონაქმნები დაფიქსირდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მუმიები კარგადაა დალუქული და მიეწოდება ჰაერის სათანადო ნაკადი, საფრთხე მინიმალურია.
ასე რომ, როგორც ხედავთ, "მუმიის წყევლა", გარკვეული თვალსაზრისით, ნამდვილია, თუმცა ასევე — საკმაოდ იშვიათი და სიტუაციური.
კომენტარები