კოსმოსურ ზონდს, რომელშიც "ჩაკრულო" ინახება, მისია გაუხანგრძლივდება
1977 წელს NASA-მ კოსმოსში ორი ზონდი გაუშვა, Voyager 1 და Voyager 2, რომლებში არსებულ გრამფირფიტებზეც, სხვა ჩანაწერებთან ერთად, "ჩაკრულოც" ინახება. ახლახან ცნობილი გახდა, რომ უკანასკნელი მათგანი ვარსკვლავთშორისი სივრციდან სამეცნიერო მონაცემებს დამატებით კიდევ 3 წელი გამოგვიგზავნის.
Voyager 2-ის ექსპლუატაციიდან გaსვლა მიმდინარე წელს იგეგმებოდა, მაგრამ NASA-ს ახალი სტრატეგიის მეშვეობით ეს 2026 წლამდე არ მოხდება, რადგან აპარატზე დამონტაჟებული ხელსაწყოები ფუნქციონირებას განაგრძობს.
"რა თქმა უნდა, გვინდა, რომ სამეცნიერო ხელსაწყოების ფუნქციონირება რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ", — აცხადებენ სააგენტოში.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან Voyager 1 და Voyager 2 ამჟამად მზის სისტემასაა გაცდენილი და იმაზე შორს გადაადგილდება, ვიდრე ნებისმიერი ხომალდი. შესაბამისად, მათი დახმარებით საშუალება გვეძლევა, ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოზე უნიკალური ინფორმაცია მოვიპოვოთ, მათ შორის მზის მაგნიტურ ველზე, მზის ქარსა და ვარსკვლავთშორისი სივრცის რადიო გამოსხივებაზე.
ამ ზონდებს ენერგია ბირთვული პროცესების შედეგად მიეწოდება, კერძოდ რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორებით, რომლებიც პლუტონიუმზე მუშაობს, მაგრამ ნელ-ნელა ეფექტიანობას კარგავს. ამის გამო აპარატების ენერგიის მარაგი ყოველწლიურად იკლებს, მის შესანარჩუნებლად კი მეცნიერებმა რამდენიმე არასაჭირო სისტემა უკვე გათიშეს. შედეგად, Voyager 2-ზე მხოლოდ 5 ხელსაწყო დარჩა აქტიური.
ინჟინრების ახალი სტრატეგია ვოლტაჟის რეგულატორის გამორთვას გულისხმობს, რომელიც გენერატორების ისედაც მცირე მარაგს იყენებს. NASA-ში ამბობენ, რომ ამით ზონდს საფრთხე არ შეექმნება, რადგან რისკი უმნიშვნელოა და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, იმავე სტრატეგიას მიმართავენ Voyager 1-ის შემთხვევაშიც.
ჯერჯერობით სპეციალისტთა მეთოდი ამართლებს. ის ძალაში რამდენიმე კვირის წინ შევიდა.
უნდა ითქვას, რომ ეს ზონდები თავდაპირველად კოსმოსში 4-წლიანი მისიისთვის, იუპიტერისა და სატურნის შესასწავლად გაგზავნეს. ამის მიუხედავად, 1981 წელს ეს პერიოდი გახანგრძლივდა და Voyager 2 პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) ხომალდი გახდა, რომელმაც ურანსა და ნეპტუნს ჩაუარა. მისია 1990 წელსაც გახანგრძლივდა, რათა აპარატები ვარსკვლავთშორის სივრცეში შესულიყო. Voyager 1-მა ეს ზღვარი 2012 წელს გადალახა, Voyager 2-მა კი — 2018-ში.
კომენტარები