ასტრონომებმა კვაზარების 60-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს
კვაზარები სამყაროში არსებული ყველაზე კაშკაშა ობიექტებია, რომლებიც გალაქტიკათა აქტიურ ბირთვში გვხვდება, მათი გამოსხივება კი ზემასიური შავი ხვრელებითაა განპირობებული. უკვე 60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისინი აღმოაჩინეს, თუმცა ამ დროის განმავლობაში მათი ფორმირების საკითხი უცნობი იყო.
ახალი კვლევის ფარგლებში ასტრონომებმა დაადგინეს, რომ კვაზარების წარმოქმნა გალაქტიკათა შერწყმის პროცესთანაა დაკავშირებული.
წარმოიდგინეთ ობიექტი, რომელიც მზის სისტემის ზომის სივრცეში ტრილიონობით ვარსკვლავის ენერგიას იტევს. სწორედ ასეთია კვაზარები, მაგრამ სპეციალისტებს აინტერესებდათ, რა იდგა მსგავსი სიკაშკაშისა და ენერგიულობის მიღმა. ამის გასაგებად მათ ისააკ ნიუტონის სახელობის ტელესკოპის მეშვეობით კვაზარის მქონე 48 გალაქტიკა და მისი არმქონე 100 გალაქტიკა შეისწავლეს. შედეგად, დაასკვნეს, რომ პირველ ჯგუფში სხვა უზარმაზარ სისტემებთან პირდაპირი ურთიერთქმედებისა და აქტიური შეჯახების შანსი მეტი იყო.
გალაქტიკათა ცენტრში განლაგებული შავი ხვრელები ამ რეგიონის სიკაშკაშეს განაპირობებს, რადგან ისინი გარშემო არსებულ მატერიას შთანთქავს, ამ პროცესში კი მათში ჩამავალი აირის მოძრაობა წარმოუდგენლად ჩქარდება. შედეგად, აკრეციული დისკო მძლავრ რადიაციას გამოყოფს.
ამის მიუხედავად, გალაქტიკური აირის უდიდესი ნაწილი შავი ხვრელებიდან მოშორებითაა, მაგრამ სხვა სისტემებთან შერწყმისას ეს მატერია მათთან ახლოს ინაცვლებს და შავ ხვრელებს უფრო მეტი "საკვები" მიეწოდება. ამგვარად ვიღებთ კვაზარს, რომელთა შესწავლაც, მკვლევართა თქმით, კოსმოსის ევოლუციის გასაანალიზებლად და, პოტენციურად, ირმის ნახტომის მომავლის პროგნოზირებისთვის უმნიშვნელოვანესია.
საქმე ისაა, რომ შესაძლოა, კვაზარი ჩვენი გალაქტიკის შუაგულშიც ჩამოყალიბდეს, რადგან ის ნელ-ნელა ანდრომედას გალაქტიკას უახლოვდება. როდესაც ისინი დაახლოებით 5 მილიარდ წელში ერთმანეთს შეერწყმება, არაა გამორიცხული, რომ ირმის ნახტომის ცენტრალური შავი ხვრელი მშვილდოსანი A* კვაზარად გადაიქცეს.
"ამ მოვლენებზე დაკვირვება და მათი გამომწვევი მიზეზის გაგება საინტერესოა, მაგრამ, საბედნიეროდ, მსგავსი აპოკალიფსური ეპიზოდები დედამიწას დიდი ხანი არ დაემუქრება", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები