დაკრძალვის 4 თანამედროვე საშუალება, რომლებმაც მალე შეიძლება ტრადიციული მეთოდები ჩაანაცვლოს
გაეცანით დაკრძალვის ეკომეგობრულ, კრეატიულ და ცოტა უცნაურ თანამედროვე გზებს.
ადამიანის სიკვდილის შემდეგ, საქართველოში, როგორც წესი, მას უტარდება ბალზამირება, თავსდება კუბოში და ბოლოს — იმარხება, თუმცა, დღესდღეობით, უკვე არსებობს მრავალი სხვა საშუალება, რომლებსაც თანამედროვე სტარტაპები გვთავაზობენ.
ადამიანის კომპოსტირება
ერთ-ერთი ასეთი საშუალება ადამიანის კომპოსტირებაა. განსხვავებით ტრადიციული დაკრძალვისა და კრემაციისგან, რომლებიც მიწაში ქიმიკატებს ან ჰაერში სათბურის აირებს გამოყოფს, ადამიანის კომპოსტირება გარემოზე დადებითად აისახება.
ადამიანის კომპოსტირება, რომელიც ასევე ცნობილია "ტერამაციის" სახელით, იწყება სხეულის მოთავსებით ბიოდეგრადირებადი მასალებით შექმნილ დალუქულ კონტეინერში. ორგანიზმში არსებული მიკრობები ანადგურებს ნარჩენებს და აქცევს მათ საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგად, დაახლოებით, 1-2 თვეში.
პროცესი წარმოქმნის, დაახლოებით, 0,76 კუბურ მეტრ ნიადაგს და ერთი თვის განმავლობაში გაშრობის შემდეგ, ის შეიძლება გადაეცეს დაცულ მიწებს ან დაუბრუნდეს დაღუპულის ნათესავებს, რომლებსაც შეეძლებათ, ბაღში მცენარეები დარგონ.
2019 წელს ვაშინგტონი გახდა პირველი შტატი, რომელმაც დააკანონა ადამიანის კომპოსტირება და, ჯერჯერობით, ეს პროცესი ლეგალურია აშშ-ის ექვს შტატში. რაც შეეხება ღირებულებას, ამჟამად მომსახურებას მხოლოდ რამდენიმე კომპანია სთავაზობს ამერიკელებს, ფასი კი 5 000-დან 7 000 დოლარამდე მერყეობს.
წყლის კრემაცია
წყლის კრემაცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ტუტე ჰიდროლიზი", არის დაკრძალვის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ორიენტირებულია გარემოს მდგრად განვითარებაზე.
ადამიანის კომპოსტირების მსგავსად, ის იწყება სხეულის კონტეინერში მოთავსებით. შემდეგ წყლისა და ტუტე ქიმიკატების (ჩვეულებრივ, კალიუმის ჰიდროქსიდის) ნარევი შეედინება კონტეინერში და ცხელდება, რითაც იწყება სხეულის დაშლა.
3-16 საათის შემდეგ კონტეინერში რჩება მხოლოდ ძვლები და სტერილური სითხე, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, შაქარსა და საპონს. სითხეს იშორებენ, ძვლებს კი აშრობენ და ფქვავენ და უბრუნებენ დაღუპულის ოჯახს.
წყლის კრემაცია ლეგალურია 28 შტატში და, დაახლოებით, 2 000-დან 3 000 დოლარამდე ჯდება. ეს, თითქმის, იგივე ფასია, რაც ტრადიციული კრემაციისთვის არის საჭირო, მაგრამ ტუტე ჰიდროლიზი ბევრად ეკომეგობრულია.
"მწვანე" სამარხი
ბალზამირებისას ორგანიზმს მკურნალობენ ქიმიკატებით, რომლებიც ანელებს დაშლის პროცესს. მხოლოდ აშშ-ში დამარხული ცხედრებისთვის საჭირო ბალზამირების სითხე, რომელიც მიწაში ხვდება, 3 028 329 ლიტრია. ამ სითხიდან სიმსივნის გამომწვევმა ზოგიერთმა ქიმიკატმა ადვილად შეიძლება შეაღწიოს ახლომდებარე ნიადაგში.
მათთვის, ვისაც დამარხვის უფრო ეკომეგობრული გზების მოძიება სურს, მრავალი სხვა "მწვანე" ვარიანტი არსებობს.
მწვანე სამარხის უმარტივესი ვერსია გულისხმობს ცხედრის შეფუთვას ბიოდეგრადირებადი ქსოვილისგან დამზადებულ საფარში და შემდეგ მის საფლავში მოთავსებას, დაახლოებით, 1 მეტრის სიღრმეზე. ეს სიღრმე საშუალებას აძლევს ჟანგბადის უფრო დიდ ნაკადს, მოხვდეს ორგანიზმში და დააჩქაროს დაშლა.
ფერფლის გამოყენება
ზოგიერთი კომპანია საშუალებას იძლევა, დაღუპული ახლობლის ფერფლი "ღირებულ" ნივთად აქციოთ.
მაგალითად, ფლორიდაში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Eternal Reefs-ი ურევს ფერფლს ცემენტს და იყენებს ნარევს, რომ შექმნას "რიფის ბურთი", რომელიც, ოკეანეში ჩაძირვის შემდეგ, მარჯნისა და ზღვის სხვა ცხოველების სახლად იქცევა.
ზოგიერთი კომპანია კი დაღუპულის ფერფლს ფეიერვერკებსა თუ ვინილის ჩანაწერებში ურევს. ასევე შესაძლებელია სამკაულების დამზადება ან ფერფლის ტატუს მელანში გარევა. მეტიც, ტეხასში დაფუძნებული კომპანია Celestis-ი დაგეხმარებათ, გაგზავნოთ საყვარელი ადამიანის ფერფლი კოსმოსში.
როგორც ხედავთ, დღესდღეობით, დაკრძალვის ტრადიციული მეთოდების გარდა, უკვე უამრავი ეკომეგობრული და კრეატიული საშუალებაც არსებობს. თქვენ რომელს მიმართავდით?
კომენტარები