რა დაადგინეს მეცნიერებმა "ქრისტეს სუდარის" შესწავლის შედეგად
ალბათ, ყველა ჩვენგანს სმენია ე.წ. ქრისტეს სუდარის შესახებ, რომელსაც ტურინის სუდარის სახელითაც მოიხსენიებენ. ეს გახლავთ ქსოვილი, რომელშიც, ზოგიერთი მორწმუნის აზრით, იესო ქრისტეს ცხედარი გაახვიეს. მასზე კაცის გამოსახულებასაც ვხვდებით, მათ შორის, სახეს, თავზე ეკლის გვირგვინითა და სისხლის მაგვარი ლაქებით.
მორწმუნეთა ნაწილის მტკიცებით, ის სწორედ ნაზარეველს ეკუთვნის, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება?
მისი ავთენტურობა, სხვა ასეთი არტეფაქტების მსგავსად, დავის საგანია. ამ სუდარის პირველი ისტორიულია აღწერა 1354 წლისაა და ტამპლიერთა ორდენის წევრ ჟოფრუა დე შარნეს სახელს უკავშირდება. აქედან 30 წელში ის გამოფენაზე გაიტანეს, თუმცა ტრუას ეპისკოპოსმა ნიმუშს ყალბი უწოდა და განაცხადა, რომ ეს მარჯვე მხატვრის ნახელავი იყო.
ამის მიუხედავად, მომდევნო წლებში რომის პაპები მას ნამდვილად მიიჩნევდნენ და მომლოცველებს მისი ნახვის საშუალებასაც აძლევდნენ, ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, სულ მცირე 2015 წლამდე. დღეს ტურინის სუდარა იშვიათად იფინება, თუმცა სამეცნიერო კვლევებისთვის მეცნიერებს არაერთხელ გადაეცა.
1980-იან წლებში სპეციალისტებმა მისი ასაკის დასადგენად რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდი გამოიყენეს, რისთვისაც სამი სატესტო ნიმუშიც შეისწავლეს. თითოეულ მათგანზე მეცნიერთა სამი დამოუკიდებელი ჯგუფი მუშაობდა.
"არიზონაში, ოქსფორდსა და ციურიხში განხორციელებული რადიონახშირბადული კვლევების შედეგად, მინიმუმ 95%-იანი სიზუსტით დადგინდა, რომ ტურინის სუდარის ქსოვილის კალენდარული ასაკის დიაპაზონი 1260-1390 წლებია. ეს გვაძლევს მტკიცებულებას, რომ ნაჭერი შუა საუკუნეებისაა", — ვკითხულობთ გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ ნაშრომში.
აღნიშნული პერიოდი ისტორიულ ჩანაწერებში სუდარის გამოჩენის დროს ემთხვევა. და მაინც, ზოგ ადამიანში გაჩნდა ვარაუდი, რომ სპეციალისტებმა შესაძლოა, სუდარის ის ნაწილი შეისწავლეს, რომელიც 1200-1300-იან წლებში აღადგინეს ან ის, რომ ქსოვილი 1532 წელს საფრანგეთის ქალაქ შამბერიში მომხდარი ხანძრის დროს "დაბინძურდა". ზოგი იმასაც კი ამბობდა, რომ ნიმუშის ასაკი ნახშირბადის მონოქსიდთან შემხებლობის გამო შეიცვალა, თუმცა ტესტებმა ასეთი ზემოქმედების შესაძლებლობა გამორიცხა.
რაც შეეხება სხვა კვლევებს, მათ ფარგლებში თავად გამოსახულებაზე კონცენტრირდნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა გუნდმა მანეკენისა და მოხალისის დახმარებით, ნაჭერზე დატანილი ჭრილობების სიმულირება სცადა, რისთვისაც ნამდვილი და ხელოვნური სისხლი გამოიყენა.
მათ სურდათ გაეგოთ, როგორ კვალს დატოვებდა სითხე და დაემთხვეოდა თუ არა ის უკვე არსებულ ლაქებს, რომლებიც T-ისა და Y-ის ფორმის ჯვარზე გაკვრას შეესაბამებოდა. შედეგად დადგინდა, რომ კვალი ჯვარცმას სრულებით არ მიესადაგება, რადგან ასეთი გამოსახულების მისაღებად სხეულის ნაწილების კუთხური განლაგება სხვადასხვაგვარი უნდა ყოფილიყო.
მოწინააღმდეგეები, რა თქმა უნდა, ამ ანალიზსაც გამოუჩნდნენ. მათი აზრით, კვალს სუდარაში გახვეული ცხედრის გადაადგილება შეცვლიდა, თუმცა მეცნიერული მტკიცებულება სხვა რამეზე მიუთითებს.
"ყველაზე მარტივი დასკვნა, რომლის გამოტანაც შეგვიძლია, ისაა, რომ ამ სუდარის ასაკი მისი ისტორიული ასაკია", — ამბობენ მეცნიერები.
კომენტარები