მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სპილოებმა თავიანთი თავები მოიშინაურეს — რას ნიშნავს ეს
ახალი ნაშრომის ავტორები მიიჩნევენ, რომ სპილოებმა თავიანთი თავები მოიშინაურეს — ანუ ბუნებრივი გადარჩევის პროცესში თავადვე შეარჩიეს ისეთი მახასიათებლები (განსაკუთრებით, შემცირებული აგრესია), რომლებიც ხშირად ადამიანებსა და მათ მიერ მოშინაურებულ ცხოველებში გვხვდება. ამ დასკვნას სფეროს ყველა ექსპერტი არ ეთანხმება.
მეცნიერთა არგუმენტი ადამიანთა ევოლუციის იდეას, კერძოდ, ადამიანთა თვითმოშინაურების ჰიპოთეზას, ემყარება. ამ უკანასკნელის თანახმად, ჩვენს წინაპრებში ბუნებრივი გადარჩევისას უპირატესობა იმ თვისებებს მიენიჭა, რომლებმაც ერთმანეთთან მეტად შეთანხმებულები გაგვხადა, შედეგად კი ცივილიზაციის შენება დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, შემდგომ ჩვენ მიერ მოშინაურებულ ცხოველებშიც სწორედ ეს მახასიათებლები განვამტკიცეთ: სხვების მიმართ ნაკლებად აგრესიული და მეტად მეგობრული ქცევები, ნაკლებად საშიში გარეგნობა, "ბავშვური" ფიზიკური მახასიათებლები და კომპლექსური ხმოვანი კომუნიკაცია.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სხვა სახეობებში თავად თვითმოშინაურებამ განაპირობა, რომ შემდგომში ჩვენ მოვიშინაურეთ ისინი. მაგალითად, მგლებს მანამ შეეძლოთ ადამიანებთან შეგუება, სანამ განვიზრახავდით, რომ ისინი ჩვენს კომპანიონებად გვექცია. ადამიანის სახეობის მიღმა თვითმოშინაურების იდეა ყველაზე სარწმუნო მაინც ბონობოებშია — ადამიანის მონათესავე პრიმატებში, რომლებიც მშვიდი და ხალისიანი სოციალური ქცევით გამოირჩევიან.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა, მისი ავტორები კი ამტკიცებენ, რომ თვითმოშინაურების კრიტერიუმებს სპილოებიც აკმაყოფილებენ.
ადამიანებისა და ბონობოების მსგავსად, მაგალითისთვის, ყველა თანამედროვე სპილო (ჯამში სამი სახეობა) შედარებით ნაკლებად აგრესიულია; მათ ერთმანეთის მიმართ საკმაოდ პროსოციალური ქცევა ახასიათებთ და ზრდასრულობამდე მისაღწევად შედარებით დიდი დრო სჭირდებათ.
კვლევის ავტორებმა საერთო ჯამში თვითმოშინაურებასთან დაკავშირებული 19 თვისება გამოავლინეს, რომლებიც ადამიანებს, ბონობოებსა და სპილოებს ახასიათებთ. მათ აფრიკული სპილოების გენომებიც გამოიკვლიეს და 600 გენი აღმოაჩინეს, რომლებიც, როგორც ჩანს, შედარებით სწრაფად განვითარდა. აქედან ზოგიერთი მათგანი მოშინაურებასთან არის დაკავშირებული.
"ჩვენი მიგნებები ამყარებს მოსაზრებას, რომ, შესაძლოა, ადამიანებისა და ბონობოების მსგავსად სპილოებიც თვითმოშინაურებულნი იყვნენ", — წერენ კვლევის ავტორები.
ამის მიზეზებთან დაკავშირებით ისინი რამდენიმე სავარაუდო სცენარს გვიზიარებენ. მაგალითად, ბუნებაში სპილოებს ბევრი მტაცებელი არ ჰყავთ და არც კვების მხრივ არიან წუნიები. შესაძლოა, სწორედ ამან მისცა მათ დრო და რესურსი, რომ მეტად სოციალურები ყოფილიყვნენ. შესაძლებელია ისიც, რომ შორეულ წარსული რაღაც ისეთი მომხდარიყო, რაც სპილოთა წინაპრებს თვითგადარჩენისთვის ერთმანეთზე დამოკიდებულების საჭიროებას გაუჩენდა; ეს ქცევა ამ კუთხით გამოსადეგი აღმოჩნდებოდა და დადებითად გადაირჩეოდა, შემდეგ კი თაობებს გადაეცემოდა.
გუნდის მტკიცებას დამატებითი გენეტიკური მონაცემებიც ამყარებს, თუმცა სფეროს სხვა ექსპერტები მაინც თვლიან, რომ ჰიპოთეზის დასადასტურებლად კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო. საგულისხმოა ისიც, რომ, შესაძლოა, სპილოების მეგობრული ქცევა არა მაინცდამაინც თვითმოშინაურებამ, არამედ ამ ცხოველების სხვა მახასიათებლებმა უკეთ ახსნას, მაგალითად, დიდი ტვინების ქონამ.
"ვშიშობ, დიდი ხანი ვერ შევძლებთ იმის თქმას, რომ სპილოები თვითმოშინაურებულები არიან", — აცხადებს რიჩარდ რანგჰემი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პრიმატოლოგი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა და ემხრობა ჰიპოთეზას.
მაშასადამე, იდეა კვლავაც ჩამოყალიბების პროცესშია, საბოლოოდ კი, შესაძლოა, სხვა ცხოველების ევოლუციის საკითხში ღირებული ინფორმაცია მივიღოთ.
თუკი სპილოებმა თავი მართლაც მოიშინაურეს, ეს, ალბათ, კონვერგენციული ევოლუციის მაგალითი გამოვა — პროცესი, რომლის დროსაც ერთი და იმავე მახასიათებელი ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩნდება (მაგალითისთვის, დელფინებსა და ზვიგენებს საერთო არაფერი აქვთ, თუმცა სხეულის აგებულებით ერთმანეთს ჰგვანან). შესაძლოა, ეს იმასაც ნიშნავდეს, რომ ცხოველებში თვითმოშინაურება იმაზე ბევრად ხშირი ხდება ან იყო, ვიდრე წარმოგვიდგენია.
კომენტარები