ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მუშაობს მიკრორობოტებზე, რომლებსაც ცალკეული უჯრედების სკანირება შეუძლიათ. მეტიც, რობოტებს აქვთ უნარი გაარკვიონ თუ რამდენად ჯანმრთელია უჯრედი.

ამ პატარა ინსპექტორებს, რომელთა ზომაც სულ რაღაც ათი მიკრონია, შეუძლიათ გადაიტანონ სასურველი უჯრედები სხვადასხვა ადგილას ელექტროენერგიის ან მაგნიტის გამოყენებით. მათ უჯრედების გაკონტროლება შეუძლიათ, რაც ტექნოლოგიას პოტენციურად ახალ ინსტრუმენტად აქცევს დაავადებების დიაგნოსტიკისა და წამლების მიწოდებისთვის.

როგორც ჟურნალ Advanced Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღწერილი, მეცნიერებმა ეს შესაძლებლობები სხვა ორგანიზმების ბუნებრივი ფუნქციებიდან აიღეს.

"მიკრორობოტის ავტონომიური მოძრაობა შთაგონებულია ბიოლოგიური ორგანიზმებისგან, როგორებიცაა ბაქტერიები და სპერმის უჯრედები. ეს არის კვლევის ინოვაციური სფერო, რომელიც სწრაფად ვითარდება", — თქვა გილად იოსიფონმა, თელ-ავივის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროფესორმა და ნაშრომის მთავარმა ავტორმა.

მაგალითად, პაწაწინა რობოტები შეიძლება გამოვიყენოთ კიბოს უჯრედების გამოსარჩევად და მათი ტრანსპორტირებისთვის ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად.

ტესტებში მკვლევრებმა რობოტების გამოყენებით ჯანსაღი და მომაკვდავი უჯრედების ერთმანეთისგან გარჩევა შეძლეს.

"ჩვენი ახალი ტექნოლოგია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ორ ძირითად ასპექტს — ჰიბრიდული ძრავა და ნავიგაცია ელექტრო და მაგნიტური მექანიზმებით, რომლებიც ძალიან განსხვავებულია. გარდა ამისა, მიკრორობოტს აქვს უჯრედის იდენტიფიცირებისა და შესწავლის გაუმჯობესებული უნარი", — ნათქვამია იოსიფონის განცხადებაში.

ახლა მკვლევრები ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობას აპირებენ, რის შედეგადაც ის საბოლოოდ მედიცინაში უნდა დაინერგოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.