მთვარეზე წყლის ახალი ბუნებრივი რეზერვუარი აღმოაჩინეს
ჩინეთის მისია Chang'e-5-ის ფარგლებში მთვარეზე შეგროვებული ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ იქაურ გრუნტში არსებული, შეჯახებების შედეგად წარმოქმნილი მინის ბურთულები წყალს შეიცავს. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სითხის ბუნებრივ რეზერვუარს ქმნის, რომლის წყაროც მზის ქარია და მას დედამიწის თანამგზავრზე გაგზავნილი ასტრონავტები მარტივად მოიპოვებენ.
აქამდე მთვარის მრავალმა მისიამ ცხადყო, რომ ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირზე სტრუქტურული წყალი და მისი ყინული არის, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე დედამიწაზე. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ობიექტის სიღრმეში ჰიდრატული ფენა უნდა იყოს, რომელიც წყლის შენახვას, გამოთავისუფლებასა და შევსებას უწყობს ხელს, რადგან იქ მისი ციკლური მიმოცვლა მიმდინარეობს.
ამის მიუხედავად, მთვარის გრუნტის მინერალების ფრაგმენტებში, შენაერთებში, ვულკანურ ქანებსა და მინის პიროკლასტურ ბურთულებში არსებული წყლით მსგავსი ციკლის ახსნა ვერ ხერხდებოდა. ახლა კი მეცნიერები აცხადებენ, რომ შეჯახებების შედეგად ფორმირებული მინის ბურთულები, რომლებიც მთვარის გრუნტში არაკრისტალური ფორმით გავრცელებულია, ჰიდრატული ფენის გამოკვლევისთვის სათანადო კანდიდატია.
სპეციალისტებმა მთვარის ნიმუშებში არსებულ მინის ბურთულებში წყლის შემადგენლობა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მათში მზის ქარისმიერი წარმოშობის სითხე გვხვდება. ასევე, თითოეულ მათგანში მისი განაწილება მიანიშნებს, რომ წყალი დიფუზიის შედეგად იქ რამდენიმე წელში გროვდება, შემდეგ კი სწრაფად გამოიყოფა. დედამიწის თანამგზავრის გრუნტში ამგვარი ბურთულების წონა 3.0 × 1011 კილოგრამიდან 2.7 × 1014 კილოგრამამდე უნდა იყოს.
ავტორები ამბობენ, რომ მათი მიგნება მზის სისტემაში მთვარისა და მისი მსგავსი ციური სხეულების ზედაპირზე მინის ბურთულების მიერ მზის ქარისმიერი წყლის შენახვისა და გამოთავისუფლების შესაძლებლობას ცხადყოფს. ეს ამგვარი ობიექტების უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს და მთვარეზე წყლის პოტენციურ რესურსზე მიუთითებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები