მოუსმინეთ: როგორ "ჟღერს" სხვადასხვა ქიმიური ელემენტი
ინდიანის შტატის უნივერსიტეტში მომუშავე უოქერ სმიტმა პერიოდულ სისტემაში შემავალი სხვადასხვა ქიმიური ელემენტის უნიკალური რადიაციის სონიფიკაცია შექმნა, ანუ ის აუდიო ჩანაწერად აქცია. მისი მეშვეობით შეგვიძლია მოვისმინოთ, თუ როგორ "ჟღერს" ჰელიუმი, ჟანგბადი, კალციუმი და ა.შ.
როდესაც ელემენტებს ენერგია მიეწოდება, ელექტრონები უფრო მაღალ ენერგიულ დონეზე ადის და ძირითად მდგომარეობაში დაბრუნებისას ფოტონებს, ანუ სინათლის ნაწილაკებს გამოყოფს. მათი ტალღური სიგრძე ამ ორი მდგომარეობის ენერგიულ სხვაობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, რაც უფრო დიდია ის, მით მოკლეა სინათლის ტალღა, ხოლო სიხშირე მეტია. ეს ასტრონომიისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან შორეული ობიექტების შემადგენლობას ემისიური სპექტრის მეშვეობით ვიგებთ.
რა მოხდება თუ ელექტრომაგნიტურ სპექტრს ხმად ვაქცევთ? უოქერმა ამერიკული ქიმიური საზოგადოების კონფერენციაზე სწორედ ამის დემონსტრაცია შეძლო. მსგავს მეთოდს ის სტუდენტებისთვის ემისიური სპექტრის უკეთ გასაცნობად იყენებს. მას სურს შექმნას ინტერაქტიური მუსიკალური პერიოდული სისტემა, რომელიც ბავშვებსა და ზრდასრულებს საშუალებას მისცემს, აირჩიონ ნებისმიერი ელემენტი, შემდეგ კი ის ერთდროულად "დაინახონ" და "გაიგონონ".
უოქერმა სიხშირეების ნახვადი და მოსმენადი სხვაობის ნათელსაყოფად, ისინი 10-12-ჯერ გაზარდა და ეს სპექტრული ცისარტყელა ადამიანის სმენის ყველაზე მგრძნობიარე დიაპაზონის ოქტავად გარდაქმნა. მსგავსი რამ აქამდეც გაუკეთებიათ, თუმცა ძირითადად ქიმიური ელემენტების სპექტრს პიანინოს კლავიშების ბგერებს უსადაგებდნენ, რაც ტალღური სიგრძეების სხვაობის საჩვენებლად არასაკმარისი იყო. უოქერი კი ემისიურ ხაზებზე დაყრდნობით აკორდსაც იღებს და ელემენტების მიმდევრობის დაკვრით მელოდიას ქმნის.
ის იმედოვნებს, რომ საგანმანათლებლო მიზნების გარდა, უკანასკნელი სონიფიკაცია მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებსაც გამოადგება, რათა ელემენტების სპექტრი უკეთ აღიქვან. აღსანიშნავია, რომ მეცნიერი მოლეკულების ხმებზეც მუშაობს.
კომენტარები