NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრი იო ახლოდან გადაიღო
NASA-ს მიერ იუპიტერის შესასწავლად გაგზავნილმა კოსმოსურმა ზონდმა ჯუნომ ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრ იოს გამორჩეულად მკაფიო სურათები გადაიღო, როცა მისგან 51 500 კილომეტრი აშორებდა. ეს ამ ვულკანური ობიექტის ამსახველი ყველაზე გასაოცარი ფოტოებია მას შემდეგ, რაც ის მისია New Horizons-ის ფარგლებში დავაფიქსირეთ.
ახალ კადრებში კარგად ჩანს იოს ფერადი, დაწინწკლული ზედაპირი, რაც მისი ვულკანური აქტიურობის შედეგია, რომლის გამოც იქ მრავალ საინტერესო გეოლოგიურ წარმონაქმნს ვხვდებით. იუპიტერის ეს გალილეისეული თანამგზავრი წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ და შავ ფერებს აერთიანებს, ლავის ერთგვარი მდინარეები კი ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული.
გახანგრძლივებული მისიის განმავლობაში ჯუნომ იუპიტერს უკვე 49-ჯერ ჩაუარა და მისი თანამგზავრებიც არაერთხელ დააფიქსირა. მომდევნო წელს ის იოს კიდევ 6-ჯერ მიუახლოვდება, მაგალითად, 2024 წლის 3 თებერვალს ზონდსა და ამ ობიექტს შორის დისტანცია მხოლოდ 1500 კილომეტრი იქნება.
სხვადასხვა კოსმოსური მისიის ფარგლებში ფოტოებზე მომუშავე ექსპერტმა, ჯეისონ პერიმ, Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ უკანასკნელ სურათებში იოს მცირედი ცვლილებაა სახეზე, თუ მას New Horizons-ის კადრებს შევადარებთ. მათ შორისაა East Girru-ს სახელით ცნობილი ვულკანური ადგილი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილიდანაც ახალი დინება შეიმჩნევა.
აღნიშნული არეალი პირველად New Horizons-მა დააფიქსირა, ჯუნოს ინფრაწითელი ხელსაწყოს JIRAM დაკვირვებების მიხედვით კი ის ვულკანურად ისევ აქტიურია. ეს ინსტრუმენტი გადამღებისა და სპექტრომეტრისგან შედგება.
ახალი მონაცემების თანახმად, უფრო წითელი შეფერილობა მიეცა Chors Patera-ად წოდებულ კრატერსაც, რაც მიანიშნმებს, რომ იქ S3-S4, ანუ მოკლეჯაჭვოვანი გოგირდია, რომელიც მაღალტემპერატურული ვულკანიზმის გავლენას მუდმივად განიცდის.
მომდევნო ჯერზე ჯუნო იოს 16 მაისს, 35 000 კილომეტრ მანძილზე ჩაუვლის.
კომენტარები