იგეგმება ბიოკომპიუტერის შექმნა, რომელიც ადამიანის ტვინის უჯრედების მეშვეობით იმუშავებს
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერები გეგმავენ შექმნან სუპერკომპიუტერი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანის ტვინის უჯრედების დახმარებით იმუშავებს.
"კომპიუტერები და ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიურ რევოლუციას უწყობს ხელს, მაგრამ ისინი გარკვეულ მიჯნას უახლოვდება. ბიოკომპიუტერები კომპიუტერული ძალის შემჭიდროებისა და მისი ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა, რათა ახლანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზღვარი გადავლახოთ", — ამბობენ სპეციალისტები.
იდეის ავტორები ტვინის ორგანოიდებზე, ანუ ლაბორატორიაში გაზრდილ ქსოვილებზე მუშაობენ. ორგანოების ამგვარ მინივერსიებზე ექსპერიმენტები უკვე ორი ათწლეულია, ტარდება, რითაც ცხოველებზე ცდებს იცილებენ თავიდან. თანაც, მსგავსი მეთოდით ისეთი კვლევების განხორციელებაა შესაძლებელი, რომლებიც ადამიანთა ტვინების გამოყენებით არაეთიკურად მიიჩნევა.
2012 წელს კვლევის ხელმძღვანელმა, ტომას ჰარტანგმა, ადამიანის კანის ნიმუშებიდან აღებული უჯრედების გარდაქმნით ფუნქციური ორგანოიდები მიიღო. თითოეული მათგანი დაახლოებით 50 000 უჯრედს შეიცავდა. ავტორის თქმით, მომავლის კომპიუტერები სწორედ ასეთი ქსოვილების გამოყენებით შეიქმნება და ერთგვარ "ბიოლოგიურ მოწყობილობას" მივიღებთ. ასევე, ის სუპერკომპიუტერების ასამუშავებლად საჭირო ენერგიას შეამცირებს.
ჰარტანგის განცხადებით, კენტუკიში არსებულმა სუპერკომპიუტერმა, რომელიც 631 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ინსტალაციაა, გასულ წელს პირველად გადააჭარბა ადამიანის ტვინის კომპიუტერულ სიმძლავრეს, მაგრამ ამისთვის მილიონჯერ მეტი ენერგია დასჭირდა. ტვინის ორგანოიდებისა და ხელოვნური ინტელექტის გაერთიანებით შესაძლებელია, რომ ბევრად სწრაფი და ეფექტიანი ტექნოლოგია ნაკლები ენერგიული დანახარჯით მივიღოთ, მაგრამ საბოლოო შედეგამდე რამდენიმე ათწლეული მოგვიწევს მოცდა.
"ხელსაწყოები, რომლებსაც ბიოლოგიური კომპიუტერებისთვის ვქმნით, აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნეირონული ქსელების ცვლილების გამოკვლევის საშუალებას მოგვცემს ისე, რომ ცხოველებსა და პაციენტებზე ცდები არ ჩავატაროთ", — აცხადებენ ავტორები.
კომენტარები