აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც საკუთარ ვარსკვლავს ზომით მხოლოდ 4-ჯერ ჩამოუვარდება
ასტრონომებმა უჩვეულო სისტემა აღმოაჩინეს, რომელში შემავალი პატარა ვარსკვლავიც მის გარშემო მოძრავ მასიურ ეგზოპლანეტას ზომით მხოლოდ 4-ჯერ აღემატება. ეს ციური სხეული დაახლოებით იუპიტერის სიდიდისაა და აირისგან შედგება. მან შესაძლოა, ამგვარი ობიექტების ფორმირების შესახებ არსებული თეორიები შეცვალოს.
მნათობი TOI 5205-ის სახელითაა ცნობილი. ის ჩვენს მზესთან შედარებით საკმაოდ მცირე ზომისაა და ნაკლებად მცხუნვარე. ასევე, ირმის ნახტომის გალაქტიკაში ყველაზე გავრცელებული წითელი ჯუჯა ტიპის ვარსკვლავთა რიგშია. მათ ირგვლივ ბევრი პლანეტის ფორმირებაა შესაძლებელი, მაგრამ აქამდე მიიჩნეოდა, რომ აირის გიგანტები იშვიათი გამონაკლისი იყო.
TOI 5205b-ად წოდებული ეგზოპლანეტა, რომელიც კოსმოსური ტელესკოპის TESS მეშვეობით დააფიქსირეს, სწორედ ასეთია. წესით, ის, მასის გათვალისწინებით, მსგავსი მნათობის მახლობლად ვერ უნდა წარმოქმნილიყო.
პლანეტები აირისა და მტვრისგან შემდგარი იმავე დისკოსგან ყალიბდება, რომლისგანაც ვარსკვლავები. ამჟამინდელი მოდელების მიხედვით, იუპიტერის მაგვარი ციური სხეულების გასაჩენად დედამიწაზე 10-ჯერ მასიური მატერიაა საჭირო, რომლისგანაც ჯერ მყარი ბირთვი იკვრება, შემდეგ კი აირით მარაგდება, რაც ძალიან სწრაფად ხდება.
თუ პროტოპლანეტურ დისკოში მყარი ბირთვის ფორმირებისთვის საკმარისი მატერია არაა, აირის გიგანტი ვერ წარმოიქმნება. ასევე, აირი მანამდე არ უნდა აორთქლდეს, სანამ მას ობიექტი მიიზიდავს. ამ კრიტერიუმების თანახმად, TOI 5205b არ უნდა არსებობდეს.
ეს სისტემა ჯეიმს ვების ტელესკოპის სამიზნე შეიძლება გახდეს. მისი მეშვეობით ეგზოპლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობას დავადგენთ და მის შესახებ მეტს გავიგებთ. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები