უკრაინის პრეზიდენტმა პირველად აჩვენა მედიას, სად ცხოვრობს რუსეთის შეჭრის შემდეგ. ჟურნალისტ დმიტრო კომაროვის დოკუმენტურ ფილმში ჩანს საძინებელი ოთახი და გარდერობი, რომელიც ადმინისტრაციაში, ვოლოდიმირ ზელენსკის კაბინეტის გვერდითაა მოწყობილი.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს სთხოვა, დეტალურად გაეხსენებინა ომის დაწყების დღე — მან თქვა, რომ რთულია და დაამატა: "დამირეკეს, რომ ყველაფერი დაიწყო. გავიღვიძე ცოლთან ერთად, ოჯახთან ერთად".

კომაროვმა ჰკითხა, რა თქვა სახლიდან გამოსვლისას, რასაც ზელენსკიმ ასე უპასუხა:

"მე ნამდვილად ვფიქრობდი ბავშვების გაღვიძებაზე და ყველას შეკრებაზე, რომ მეთქვა რა ხდება, რომ ომი დაიწყო. ისინი ზრდასრულები არიან, უნდა გაიგონ რა ხდება, რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ომის დროს. პრინციპში, ძალიან სწრაფად წამოვედი. მე მიყვარს ჩემი ოჯახი, მაგრამ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, აქ ყოფნა პრიორიტეტი იყო. შემდეგ აქ მოვიდნენ, ეს იყო რამდენიმე საათში".

პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ოჯახის სახლში დარჩენა უსაფრთხო არ იყო და ადმინისტრაციაში ამიტომ მიიყვანეს. ჟურნალისტი დაინტერესდა, იმ დღეს იყო თუ არა მომენტი, როცა ცოლს თვალებში შეხედა და მიხვდა, რომ არ იცოდა რა მოხდებოდა ხვალ, დაბრუნდებოდა თუ არა.

"თითქოს ერთმანეთს თვალებში უყურებენ ფიქრით — "იქნებ ვეღარ ვნახოთ ერთმანეთი" — ასეთი რომანტიკის დრო არ გვქონდა. მაყურებელმა მაპატიოს. ასეთი რომანტიკა არ ყოფილა, დაკავებული ვიყავით. ძალიან სწრაფად ჩავალაგე ნივთები და მოვედი აქ", — თქვა ზელენსკიმ.

ამის შემდეგ, მან ჟურნალისტს აჩვენა ოთახი და ტელეფონი, რომლითაც მსოფლიო ლიდერებს უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, ეს დიდი კაბინეტის გვერდით ოთახში ხდება.

ფოტო: კადრები დმიტრო კომაროვის ფილმიდან "წელი"

ზელენსკიმ თქვა, რომ იმ დილით სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს ესაუბრა. კითხვაზე, იფიქრა თუ არა პუტინთან დარეკვაზე, ამბობს, რომ იმ დღეებში არა, მაგრამ ომის დაწყებამდე მცდელობა ჰქონდა.

გაიხსენა, რომ სწორედ იმ ოთახში ჩაწერა პირველი ვიდეომიმართვა, რომელიც 24 თებერვალს გამოქვეყნდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ გადაწყვიტა, ოფიციალური დრესკოდი სამხედრო, ხაკისფერ სამოსზე შეეცვალა.

"მახსოვს, რომ არაკომფორტული იყო. მაშინ ყველა ჩვენგანი შინაგანად შეიცვალა. ყველაფერი შეიცვალა. ცხოვრება შეიცვალა და შეუძლებელი იყო იქ დაბრუნება, რაც მანამდე იყო. მე მქონდა ის, რითიც ფრონტზე დავდიოდი, აქ მაქვს პატარა გარდერობი", — თქვა ზელენსკიმ და დათანხმდა ჟურნალისტის თხოვნას, ეს ოთახი დაეთვალიერებინა.

ფოტო: კადრები დმიტრო კომაროვის ფილმიდან "წელი"

ფოტო: კადრები დმიტრო კომაროვის ფილმიდან "წელი"

კომაროვმა გარდერობში პიჯაკიც შენიშნა. ზელენსკიმ თქვა, რომ როცა ომი დასრულდება და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, ამ პიჯაკს მაშინ ჩაიცვამს.

ფოტო: კადრები დმიტრო კომაროვის ფილმიდან "წელი"

ოთახიდან გამოსვლისას პრეზიდენტმა შუქი ჩააქრო, თან განმარტა, რომ ეს უკვე ჩვევაა და ცდილობენ, ელექტროენერგია დაზოგონ. შემდეგ ჟურნალისტის კიდევ ერთი თხოვნა შეასრულა და საძინებელიც დაათვალიერებინა.

"აი, აქ ვცხოვრობ", — თქვა ზელენსკიმ ოთახში შესვლისას, სადაც პატარა საწოლი და რამდენიმე ნივთი დგას, კედელზე კი ტელევიზორია დამაგრებული.

ფოტო: კადრები დმიტრო კომაროვის ფილმიდან "წელი"

ისიც აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ ძირითადად იქ არის და რამდენჯერმე ბომბსაფარში მოუწია ჩასვლა.

ფოტო: კადრები დმიტრო კომაროვის ფილმიდან "წელი"

"ეს ჩემი სახლია. ერთი წელია აქ ვცხოვრობ", — დასძინა მან.

ფოტო: კადრები დმიტრო კომაროვის ფილმიდან "წელი"

ფოტო: კადრები დმიტრო კომაროვის ფილმიდან "წელი"

ჟურნალისტმა პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე ოჯახის ფოტო შენიშნა, რომელშიც ზელენსკის სახეზე სუპერმენის ნიღაბი ახატია და უსურვა მალე დაუბრუნდეს შვილებს, გაიცინოს და დაივიწყოს ომი.

"ომის შემდეგაც კი ჩვენ ვერ დავივიწყებთ ომს", — უპასუხა ზელენსკიმ.

ფოტო: კადრები დმიტრო კომაროვის ფილმიდან "წელი"

კომაროვის რეპლიკაზე, რომ ომის დროს ზელენსკი შინაგანად არა, მაგრამ ვიზუალურად ძალიან შეიცვალა, განსაკუთრებით თვალებით, პრეზიდენტმა უპასუხა: "თვალებს ვერ ვუბრძანებ, ისეთია, როგორიც არის. ყველაფერი ნორმალურადაა".

ფოტო: კადრები დმიტრო კომაროვის ფილმიდან "წელი"