სამეტყველო ენის გავლენა ტვინზე — სხვადასხვა ენაზე საუბარი რეალობის განსხვავებულ აღქმას იწვევს
სიტყვები ფიზიკურად მოქმედებს ტვინის აქტივობაზე, ამტკიცებენ Goldsmiths-ის მეცნიერები კვლევაში. ეს ადასტურებს, რომ ტვინის მექანიზმები აუცილებელია მნიშვნელობის შესაქმნელად და ასევე სწავლის საფუძველისთვის.
დოქტორ მაქს გარაგნანის კვლევა ვარაუდობს, რომ რეალობის ჩვენი აღქმა განსხვავდება იმ ენის მიხედვით, რომელსაც ვიყენებთ.
გარაგნანის კვლევა ეყრდნობა წინა ნაშრომს. ამის მიხედვით, კონკრეტული სიტყვები ტვინის არეში ისეთ აქტივობებს ქმნიდა, რომელიც სურათების დამუშავებასთანაა დაკავშირებული. მან კვლევაში მონაწილეებს სთხოვა ესწავლათ ახალი "სიტყვები" ხმასთან ერთად, რომლებიც კონკრეტული ენის ნაწილი არ იყო, მაგრამ მათ უკავშირებდნენ ვიზუალურ გამოსახულებას. ამის შემდეგ მონაწილეებს მხოლოდ ხმა მოასმენინეს.
ტვინის ვიზუალიზაციის ტექნოლოგიამ აჩვენა, ხმის მოსმენა იწვევდა აქტივობას ტვინის იმ უბნებში, რომლებიც მონაწილეობენ გამოსახულების აღქმაში.
"თუ ამბობთ ან გესმით "ვეფხვი", სწორედ ამ მომენტში თქვენი ტვინის ქერქის როგორღაც ხელახალი გააქტიურება ხდება ნიმუშით. ეს ასახავს ტვინის იმ აქტივობას, რომელიც რეალურად ვეფხვის დანახვისას გექნებოდათ", — თქვა გარაგნანმა.
მკვლევრების თქმით, მათ პირველად აჩვენეს, რომ ეს ხდება იმ სიტყვების შემთხვევაშიც, რომელიც არც კი გვსმენია. ტვინში ჩნდება კავშირი ახალი სიტყვის ხმასა და მის მნიშვნელობას შორის. ასე რომ, სიტყვის მნიშვნელობა ფაქტობრივად დაფუძნებულია ტვინის აქტივობის ნიმუშზე, რომელიც არსებობს, როდესაც ჩვენ ვხედავთ საგანს.
გარაგნანის კვლევის ფოკუსი იყო ის თუ როგორ მუშაობს ენა თავის ტვინში.
ეს ეჭვქვეშ აყენებს აზრს რომ ენა მოქმედებს მხოლოდ, როგორც ინსტრუმენტი, რათა შეიქმნას საერთო აღქმა სამყაროს ობიექტებთან მიმართებაში. ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ენას აქვს კონკრეტული გავლენა იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ რეალობას.
"რუსულ ენაში ლურჯი ფერის აღმნიშვნელი ორი განსხვავებული სიტყვაა, ინგლისურად კი მხოლოდ ერთი. ის ფაქტი, რის მიხედვითაც, ერთ ფერს ორი სიტყვით აკვალიფიცირებთ ნაცვლად ერთისა, გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე, გავარჩიოთ ფერები. ეს არ არის მხოლოდ ეტიკეტირება: რუსულად მოლაპარაკე ამ ერთ ფერში ძალიან მცირე განსხვავებებს უფრო მარტივად არჩევს, ვიდრე ინგლისურ ენაზე მოსაუბრე.
"სინაფსი და ორ სხვადასხვა უჯრედს შორის კავშირები პლასტიურია, ისინი დროთა განმავლობაში იცვლება. სინაფსური ეფექტურობის ეს ცვლილება სწავლის საშუალებას იძლევა. სინაფსის ეს ელასტიურობა გვაძლევს ახლის სწავლისა და ახალი სიტყვების გაგების საშუალებას. ეს მექანიზმი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტი ტვინის აქტივობის ნებისმიერი სანდო მოდელისთვის", — თქვა ექიმმა გარაგნაგმა.
"კვლევის მიხედვით, თუ ჩვენ სხვადასხვა ობიექტს ერთი და იგივე სიტყვით მოვიხსენიებთ, ამით ამ ობიექტებს უფრო მსგავსად აღვიქვამთ. შესაბამისად, სიტყვები რეალურ განსხვავებას ქმნის", — აღნიშნულია კვლევაში.
გარაგნანის კვლევის შედეგები გვეუბნება, რომ სხვადასხვა ენისა და კულტურის ადამიანებს რეალობის იდენტურად აღქმა არ შეუძლიათ.
"გადამწყვეტი აქ არის ის, რომ განსხვავებულ ენაზე ჩვენ რეალობას სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. ენა, რომლითაც თქვენ ლაპარაკობთ, აყალიბებს თქვენს ტვინს და რეალობასაც შესაბამისად აღიქვამთ. ეს კარგი რამეა? ვფიქრობ, იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს ტვინი, ყოველთვის კარგია", — ამბობს გარაგნანი.
"ენის გავლენა აღქმასა და კონცეფციის ფორმირებაზე" — მაქს გარაგნანის, მალტე ჰენინგსენ-შომერსისა და ფრიდემან პულვერმიულერის მიერ გამოქვეყნდა სამეფო საზოგადოების B: Biological Sciences Journal-ში.
კომენტარები