ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ადრეული დაკვირვებების ფარგლებში მოპოვებულ მონაცემებში მეცნიერებმა საინტერესო რამ აღმოაჩინეს. ესაა ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის მსგავსი უზარმაზარი გალაქტიკები, რომლებშიც ზრდადასრულებული წითელი ვარსკვლავებია განლაგებული.

ისინი დედამიწიდან იმდენად შორსაა, რომ მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ობიექტივშიც კი მხოლოდ მომცრო, მოწითალო წერტილების სახით ჩანს. თითოეული მათგანი დიდი აფეთქებიდან 500 000-700 000 წლის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. სამყაროს განვითარების აღნიშნულ ეტაპზე გალაქტიკების არსებობაში გასაკვირი არაფერია, რადგან ვარსკვლავთა შეჯგუფებები ჯერ კიდევ პირველ 400 000 წელში წარმოიქმნა, ე.წ. ბნელი ეპოქის დასრულებიდან მალევე.

ამის მიუხედავად, ვების მიერ გადაღებული გალაქტიკები გასაოცრად დიდია, ხოლო მათში მოქცეული ვარსკვლავები ზედმეტად ხნიერი. ამან შესაძლოა, ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს იმაზე, თუ როგორ განიცადა ევოლუცია კოსმოსმა ადრეულ პერიოდში და რა სახე ჰქონდა მას მაშინ. თანაც, უკანასკნელი მონაცემები ჰაბლისას სულაც არ ემთხვევა, რადგან ის ყოველთვის უფრო პატარა, ახალგაზრდა გალაქტიკებს აფიქსირებდა.

ფოტო: NASA, ESA, CSA, I. Labbe/Swinburne University of Technology

ახლად ფორმირებული ვარსკვლავები კაშკაშა ლურჯ ფერში ანათებს, წლების მატების პარალელურად კი უფრო მოწითალო ელფერს იძენს. სამყაროს წარსულში ამ უკანასკნელის დანახვას სპეციალისტები არ ელოდნენ, მითუმეტეს გალაქტიკებში, რომელთაც 1 მილიარდი მზის მასა აქვს. ზემოთ ნაჩვენები სისტემების მასა კი ამაზე 50-ჯერ მეტია.

მეცნიერები ამბობენ, რომ სანამ კოსმოლოგიურ თეორიებს ხელახლა გადახედავენ, უნდა დარწმუნდნენ, რომ წითელი წერტილები მართლაც გალაქტიკებია და არა რაღაც სხვა. საინტერესოა ისიც, რომ ალტერნატიული ახსნების უმეტესობა მაინც სრულიად ახლებურ კონცეფციებამდე მიგვიყვანს.

მკვლევრები გეგმავენ, რომ ვებით ამ გალაქტიკებს კიდევ ერთხელ დააკვირდნენ და ამჯერად სპექტრული ინფორმაცია მოიპოვონ, რითაც მათ ქიმიურ შემადგენლობას გამოავლენენ. ასევე, დაადგენენ ზუსტ დისტანციასაც, რაც ხსენებული ობიექტების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.