ქალი ძველი არაბული ცივილიზაციიდან — მეცნიერებმა 2 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის სახე აღადგინეს
მეცნიერებმა 2 000 წლის წინ მცხოვრები ქალის სახე აღადგინეს. ის ძველი არაბული ცივილიზაციის, ნაბატეველთა წარმომადგენელია, ხოლო მისი ჩონჩხი ქალაქ ალ-ულაში, არქეოლოგიურ ძეგლ ჰეგრას მიმდებარედ არსებულ სამარხში ჯერ კიდევ 2015 წელს აღმოაჩინეს.
ქალის საფლავის ფასადზე ამოტვიფრული იყო სახელი "ჰინატ". ჩონჩხის ანალიზმა ცხადყო, რომ ეს ადამიანი 40-50 წლის ასაკში დაიღუპა, მისი სიმაღლე, სავარაუდოდ, 1.6 მეტრი იყო და ის საშუალო სოციალურ ფენას ეკუთვნოდა.
მისი სახის აღსადგენად სპეციალისტებმა სასამართლო მედიცინაში დანერგილ მეთოდებსა და პალეოპათოლოგიურ ტექნოლოგიებს მიმართეს. ასევე, კომპიუტერული ტომოგრაფია და სამგანზომილებიანი პრინტერი გამოიყენეს, რათა ქალის ნაკვთები სილიკონით შეექმნათ, თმა კი ნაწილობრივ შარფით დაუფარეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა ნაბატეველი ქალის სახე აღადგინეს. ხსენებული ცივილიზაცია პირველად ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეექვსე საუკუნეში გამოჩნდა. ისინი საკმევლის სავაჭრო გზის გასწვრივ ცხოვრობდნენ, რომელიც სამხრეთ არაბეთს ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებდა.
მათ შესახებ დეტალური ისტორიული ცნობები ნაკლებად მოიპოვება, ამიტომ ნაბატეველები ჩვენთვის იდუმალი ხალხია, რომელთაგანაც ლიტერატურული ტექსტები ან სხვა სახის ჩანაწერები არ დაგვრჩენია. მათი ნამარხების შესწავლა საშუალებას გვაძლევს, მეტი გავიგოთ.
ისტორიული და გენეტიკური ინფორმაციის სიმწირის გამო ქალის სახე მეცნიერებმა მიახლოებით აღადგინეს, რისთვისაც არქეოლოგიური მონაცემები გამოიყენეს. მათ შორის იმდროინდელი ქალების ჩაცმულობა, საფლავებში ნაპოვნი ქსოვილები და სხვა დეტალები, რომლებიც ავტორებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
შედეგად მიღებული სახე ამჟამად ალ-ულაში, ჰეგრას მიმღებ ცენტრშია გამოფენილი.
კომენტარები