თუ გველები ყრუები გგონიათ, ცდებით — მათ ჩვენი ესმით
გველების ძალიან ბევრ ჩვენგანს ეშინია, რის გამოც ამ არსებების შესახებ უამრავი რამ არ ვიცით და არასწორი წარმოდგენებიც გვაქვს. მაგალითად, ადამიანთა დიდ ნაწილს სჯერა, რომ ეს ქვეწარმავლები ყრუები არიან, რადგან სმენის ორგანო არ გააჩნიათ, მაგრამ ასე არაა.
"გველები ძალიან მოწყვლადი და მფრთხალი არსებები არიან, რომლებიც უმეტესწილად იმალებიან. მათ შესახებ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაგები. იქიდან გამომდინარე, რომ მათ გარეთა ყურები არ აქვთ, ადამიანებს, როგორც წესი, ისინი ყრუებად მიაჩნიათ და ჰქონიათ, რომ მხოლოდ მიწისა და სხეულის ვიბრაციებს აღიქვამენ", — ამბობს კვინსლენდის უნივერსიტეტში მომუშავე ტოქსინოლოგი, ქრისტინა სდენეკი.
მეცნიერებისთვის უკვე დიდი ხანია, ცნობილია, რომ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. აქამდე ფიქრობდნენ, რომ გველებში სმენა ისეთი მნიშვნელოვანი და განვითარებული არ იყო, როგორც სხვა შეგრძნებები, მაგალითად, მხედველობა. ამის მიუხედავად, ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ სმენას ისინი გადასარჩენად და, პოტენციურად, საფრთხის დასაფიქსირებლად იყენებენ.
სპეციალისტებმა ქვეწარმავლების 19 განსხვავებული ტიპი შეისწავლეს, მათ შორის ხეებზე მცოცავი და წყალში მცურავი სახეობები. მათ მკვლევრებმა 0-დან 450 ჰერცამდე სიხშირის ხმები მოასმენინეს, რომელთაგანაც ზოგი მიწის ვიბრაციებს ქმნიდა, ზოგი კი ჰაერში გადაადგილდებოდა.
"ამან საშუალება მიგვცა სმენის ორივე ტიპი გამოგვეცადა — ტაქტილური (შეხებითი), რომელიც მუცლის ქერცლზე გადის და საჰაერო, რომელიც მათ შიდა ყურშია", — აცხადებენ ავტორები.
აღმოჩნდა, რომ გველების ამა თუ იმ ჯგუფს ჰაერში გავრცელებულ ხმებზე სხვადასხვა რეაქცია ჰქონდა, ერთი და იმავე გვარის წარმომადგენლებს კი ურთიერთმსგავსი. მაგალითად, ხმის წყაროს მიმართულებით მხოლოდ რამსის პითონი დაიძრა, ხოლო ტაიპანები, ყავისფერი გველები და მომაკვდინებელი გველგესლები მას განშორდნენ.
რამსის პითონი, რომლის წონაც 5 კილოგრამს, სიგრძე კი 2.7 მეტრს აღწევს, ყველაზე დიდი გველი იყო, რომელიც შეისწავლეს. მას უფრო ნაკლები მტაცებლისგან ემუქრება საფრთხე, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის ისეთი სიფრთხილით არ გამოირჩევა, როგორითაც უფრო მცირე ზომის ქვეწარმავლები.
პითონები მოზრდილ მსხვერპლსაც ესხმიან თავს. რაც შეეხება პატარა და განსაკუთრებით შხამიან სახეობებს, რომლებიც დღისით აქტიურობენ, იმათ სეთი არსებებისგან ემუქრებათ საფრთხე, როგორიცაა მტაცებელი ფრინველები, ვარანები და ველური კატები.
"ცოტა ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ გადაადგილდება გველების ბევრი სახეობა მსოფლიოს მასშტაბით ლანდშაფტებსა და სიტუაციებში, მაგრამ ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ ხმა შესაძლოა, მათ შეგრძნებებს შორის მნიშვნელოვანი იყოს", — ამბობენ მეცნიერები.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PLOS ONE გამოქვეყნდა.
კომენტარები