გამოკითხვაში აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 18-35 წლის 400 ადამიანი მონაწილეობდა. ის მიზნად ისახავდა აზერბაიჯანელი ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლას საერთაშორისო საკითხებსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე.

კითხვაზე, თუ რომელი რეგიონის ნაწილად მიიჩნევენ აზერბაიჯანს, გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა, 60% ასახელებს სამხრეთ კავკასიას, 18% — ევროპას. მხოლოდ 8%-მა თქვა, რომ აზერბაიჯანი შუა აზიის ან ახლო აღმოსავლეთის ნაწილია. ასე აზერბაიჯანს საერთაშორისო დონეზე ხშირად მოიხსენიებენ.

ფოტო: OC Media

გამოკითხულებს, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყანაზე მოსაზრებები გამოთქვეს, უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ იმ 5 ქვეყნიდან 3-ის მიმართ, ვისთანაც აზერბაიჯანს საერთო საზღვარი აქვს.

რუსეთი, რომლის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღშია განლაგებული, გამოკითხულთა შორის ყველაზე ნაკლებ პოპულარული ქვეყანაა, რომლის მოწონების ჯამური პროცენტული წილი −34 იყო.

მეზობლები, სომხეთი და ირანი სიის ბოლოში აღმოჩნდნენ, −73 და −68 მოწონების პროცენტული წილით.

ფოტო: OC Media

გამოკითხულმა ახალგაზრდებმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის, სომხეთისა და ირანის მიმართ. მათგან 81%, 74% და 73% ამ ქვეყნებს აზერბაიჯანისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

ფოტო: OC Media

საფრანგეთი, რომლის მიმართაც გამოკითხულებს უარყოფითი (−3 ქულა) მოსაზრება ჰქონდათ, საფრთხედ დაასახელა გამოკითხულთა 35%-მა. საფრანგეთი სულ უფრო აკრიტიკებს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა და სომხეთთან უფრო ფართო კონფლიქტის გამო.

ინდოეთი, რომელმაც სომხეთთან ცოტა ხნის წინ იარაღზე რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა, საფრთხედ გამოკითხულთა 13%-მა დაასახელა.

მიუხედავად აშშ-ს ძლიერი რეიტინგისა, რომლის მოწონების ჯამური პროცენტული წილი 49%-ს შეადგენს, ის ასევე მოხვდა აზერბაიჯანის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიჩნეულ ტოპ 6 ქვეყანაში. მაშინ, როცა მხოლოდ 12%-ს ჰქონდა ქვეყანაზე უარყოფითი აზრი, 17%-მა ის საფრთხედ დაასახელა.

გამოკითხულ ახალგაზრდა აზერბაიჯანელებს დადებითი შეხედულებები ჰქონდათ ქვეყნის ორ სხვა მეზობელზე, თურქეთსა და საქართველოზე.

თურქეთი, რაც არ არის გასაკვირი, ყველაზე პოპულარული ქვეყნების სიის სათავეშია, 76 ქულით მოწონების ჯამურ პროცენტულ წილში. მცირე უმცირესობამ, 5%-მა განაცხადა, რომ მათ ძალიან არ მოსწონთ ქვეყანა. თურქეთს მოკავშირედ თვლიდა გამოკითხულთა 91%.

საქართველოს მოწონების ჯამური პროცენტული წილი იყო 47. რესპონდენტთა საკმაოდ დიდ რაოდენობას, 37%-ს, ქვეყნის შესახებ ამბივალენტური შეხედულებები აქვს. საქართველოს მოკავშირედ მიიჩნევს გამოკითხულთა 26%.

ფოტო: OC Media


გამოკითხულთა 50%-მა მოკავშირედ დაასახელა ისრაელი, რომელთანაც აზერბაიჯანს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს და რომელიც ქვეყანას იარაღს აწოდებს. ისრაელს დადებითი (43 ქულა) მოწონების ჯამური პროცენტული წილი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 45%-ს ჰქონდა პოზიტიური შეხედულებები პაკისტანზე (14% უარყოფითი და 41% ნეიტრალური), მას მოკავშირედ 61% მიიჩნევდა. პაკისტანი აზერბაიჯანს აშკარად მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და არის გაეროს ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც სომხეთის საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას არ ცნობს.

რაც შეეხება რეგიონულ ბლოკებს, გამოკითხული ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა (61%) ემხრობა აზერბაიჯანის გაწევრიანებას ევროკავშირში, რუსეთის ხელმძღვანელობით ევრაზიულ კავშირში კი — მხოლოდ 3%. დაახლოებით 16%-მა თქვა, რომ არცერთ კავშირში გაწევრიანებას არ ემხრობიან, ხოლო 20% ამბობს, რომ არ იცის, ემხრობა თუ არა.

ფოტო: OC Medias

გამოკითხული ახალგაზრდები არ არიან პოზიტიურად განწყობილები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა და სომხეთთან ურთიერთობის მიმართ. მაშინ, როცა 62%-მა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას დაუჭირა მხარი, მხოლოდ 23% მიიჩნევს, რომ კონფლიქტი მალე მოგვარდება.

მთიან ყარაბაღში, 59%-მა განაცხადა, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის თანაცხოვრება შეუძლებელია. გამოკითხულთა უმრავლესობას ასევე სურს კონფლიქტთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა, მხოლოდ 19%-მა დაუჭირა მხარი მთიანი ყარაბაღისთვის რაიმე სახის სპეციალური სტატუსის მინიჭებას აზერბაიჯანის ფარგლებში, ხოლო 14%-ის პოზიცია გაურკვეველია.

ფოტო: OC Media

Agora Analytical Collective-ის კვლევა 2022 წლის 20 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით ჰიბრიდული მეთოდით ჩატარდა. ზოგიერთმა რესპონდენტმა კითხვებს პირისპირ, ინტერვიუების საშუალებით უპასუხა. მოხალისეებმა გამოკითხვის ბმული თავიანთი სხვადასხვა თემის მეშვეობით გააზიარეს. (როგორიცაა — აქტუალური ჯგუფები სოციალურ მედიაში).

გამოკითხვაში აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 18-35 წლის 400 ადამიანი მონაწილეობდა. ის მიზნად ისახავდა შეესწავლა ახალგაზრდების დამოკიდებულება საერთაშორისო და ადგილობრივი საკითხების მიმართ.

გამოკითხვაში მონაწილეთა 56% ცხოვრობს აბშერონის ნახევარკუნძულზე, სადაც მდებარეობს დედაქალაქი ბაქო. დანარჩენი 44% გადანაწილდა 12 ეკონომიკურ და 29 ადმინისტრაციულ რაიონში. გამოკითხულთა 51% კაცი იყო, ხოლო 49% ქალი.

ორგანიზაციამ იზრუნა, რომ გამოკითხვა არ შემოფარგლულიყო მხოლოდ ახალგაზრდების გარკვეული სეგმენტით.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.