ჯეიმს ვების ტელესკოპმა მარსსა და იუპიტერს შორის მოძრავი ასტეროიდი აღმოაჩინა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სრულიად შემთხვევით ახალი ასტეროიდი აღმოაჩინა, რომელიც მის მიერ აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მცირე ზომის ობიექტია. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა შესაძლებლობები აქვს მსოფლიოში უმძლავრეს ობსერვატორიას.
100-დან 200 მეტრამდე ზომის ასტეროიდს სპეციალისტებმა ვების შუა ინფრაწითელი კამერის მიერ მოპოვებულ მონაცემებში მოაკვლიეს, რომლებიც მაშინ შეაგროვეს, როცა სულ სხვა სამიზნეს აკვირდებოდნენ, რამაც მისი სიკაშკაშის გამო "წარუმატებლად" ჩაიარა. საინტერესოა, რომ აღნიშნული ხელსაწყო მსგავსი ასტრონომიული სხეულების გამოსავლენად სულაც არაა განკუთვნილი, ამიტომ ეს მიგნება მეცნიერებისთვის მოულოდნელი იყო.
ახალაღმოჩენილი ობიექტი მარსსა და იუპიტერს შორის განლაგებულ ასტეროიდთა სარტყელში მოძრაობს, სადაც მზის სისტემის ფორმირების დროიდან შემორჩენილი მილიონობით კოსმოსური ქვა იყრის თავს. მათ შორისაა ჯუჯა პლანეტა ცერერა და მასზე ბევრად პატარა, 10 მეტრამდე სიგანის სხეულები. სიძველიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი ჩვენი სისტემის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იქ მდებარე ასტეროიდების შესწავლის გზით თავად დედამიწის ფორმირებაზეც ბევრი რამის გაგება შეგვიძლია. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი კი ამაში დაგვეხმარება, რადგან მისი მეშვეობით მომავალში მრავალი მსგავსი ობიექტების გამოვლენას უნდა ველოდოთ.
"ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ვების თუნდაც 'წარუმატებელი' დაკვირვებები მეცნიერული თვალსაზრისით ძალიან გამოსადეგია, თუკი სწორი აზროვნება და ცოტა იღბალიც გაქვს. ეს ობიექტი ასტეროიდთა სარტყელში მდებარეობს, თუმცა ვების გასაოცარი მგრძნობელობით დაახლოებით 100-მეტრიანი სხეულის დანახვა 100 მილიონ კილომეტრზე მეტი მანძილიდან გახდა შესაძლებელი", — აცხადებენ მეცნიერები.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები